„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიას საქართველოს სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა.
„სახალხო დამცველი ხალხს და ხალხის წართმეულ არჩევანს კი არა, არჩევნების წამრთმევ ძალას იცავს კბილებით.
ახლახანს ფბ პოსტი დაწერა და თქვა თუ ადამიანებს პირადობები ჩამოართვეს – მათი ნახევარი მაინც რატომ არ დგას გარეთო, ანუ ჯერ ხომ მდინარაძის მათემატიკით იანგარიშა და შემდეგ თქვა, მოწყვლადი ადამიანი, რომელზეც სახელმწიფომ იძალადა, გარეთ თუ არა არის გამოსული – არ მჯერაო.
თუ ადრე როგორღაც ამოღერღა რომ დემონსტრანტების წამებას ჰქონდა ადგილი, ახლა ესეც გადათქვა და გაიძახის რომ წამებას სისტემური ხასიათი არ ჰქონია.
თუ გუშინ და გუშინწინ ვინმეს კიდევ სჯეროდა რომ იოსელიანი ღირსეული ომბუდსმენი იქნებოდა, დღეს ეჭვი აღარავის ეპარება რომ ის რეჟიმის მიერ დაქირავებული ზუსტად ისეთივე მავნებელია, როგორც მდინარაძე, კობახიძე და ზარქუა.
ძალიან სიმბოლური იყო, ლევანი რომ ე.წ. “სახალხო დამცველად” რუსული კანონის მიღების დღეს აირჩიეს, მისი განუყოფელი ნაწილია.
ომბუდსმენის შენობაში ასეთი მავნებელი არავინ მჯდარა, ასეთი სამარცხვინო სახალხო დამცველი ქართველ ხალხს არ ჰყოლია“, – წერს მელია.
შეგახსენებთ, ლევან იოსელიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას არ სჯერა 100 000 ხმის გაყალბების ამბავი, რადგან მისთვის 1 ადამიანსაც კი არ მიუმართავს ამ პრობლემასთან დაკავშირებით.