ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართულმა ოცნებამ” ქართველებს მომავალი წაართვა და აღარც კი ცდილობს, თავი ევროპის დემოკრატიის მხარდამჭერად წარმოაჩინოს”- ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარები საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ, – ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

წამყვანმა ევროპარლამენტარებმა საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებაზე შეშფოთება გამოხატეს.

განცხადებას ხელი მოაწერეს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარემ სერგეი ლაგოდინსკიმ, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარემ ნილს უშაკოვსმა, საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა რასა იუკნევიჩიენემ და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ანტონიო ლოპეს-ისტურიზ ვაიტმა.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებით. შეძრწუნებულები ვართ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სასტიკი თავდასხმით ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში, რის შემდეგაც მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი ძალადობის ესკალაციის, რომელსაც “ქართული ოცნება” და მისი მოკავშირეები მშვიდობიანი პროტესტისა და დისიდენტების წინააღმდეგ იყენებენ.

ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც უკვე 50 დღეა ყოველ საღამოს ქუჩებში გამოდიან საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის. წლების განმავლობაში საქართველო იყო ევროატლანტიკური მისწრაფებების ლიდერი, რაც ხალხის ფართო მხარდაჭერით სარგებლობდა. ეს პოზიცია არ შეცვლილა. რაც შეიცვალა, ისაა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქართველებს მომავალი წაართვა და აღარც კი ცდილობს, თავი ევროპის დემოკრატიის მხარდამჭერად წარმოაჩინოს.

საქართველოს მდგომარეობის გაუარესება უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამჟამად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია ქართველი ხალხის ნებისა. ჩვენ არ ვაღიარებთ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რადგან ის გაყალბებული იყო და არ შეესაბამებოდა საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტებს. შესაბამისად, არ ვაღიარებთ ამ ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, შემოიღონ პირადი სანქციები ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზეა პასუხისმგებელი, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ.

ასევე ვთხოვთ წევრ ქვეყნებსა და რეგიონულ ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული ხელისუფლების ლეგიტიმაციისგან და ამ კონტექსტში მოვუწოდებთ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს მუშაობის შეჩერებას. დაუყოვნებლივ ვთხოვთ, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ფართო საერთაშორისო მონიტორინგით, რათა უზრუნველყოფილ იქნას რეალურად თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას”, – წერია განცხადებაში.

იტვირთბა....