პოზიციას ნამდვილად შევიცვლიდი, დღემდე რომ მენახა გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება. ასეთი მტკიცებულება არ მინახავს, ბოდიში და ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს მე არ ვიჯერებ, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში იმ კითხვის პასუხად, რომლის თანახმადაც: „პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე შუალედური ინფორმაცია გაავრცელა.
იოსელიანის განმარტებით, ვისაც ჰქონდა საშუალება, არჩევნებს დაკირვებოდა, მათ მიერ არ არის წარმოდგენილი გაყალბების შესახებ ისეთი მყარი მტკიცებულებები, რომელიც ათქმევინებდა, რომ 300 000 ხმა გაყალბდა.
„პოზიციას ნამდვილად შევიცვლიდი, დღემდე რომ მენახა გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება. მე არ მინახავს ასეთი მტკიცებულება, 100 ათასი ადამიანი, რომელსაც ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, ამ ადამიანებიდან დღემდე ჩემთან არცერთი არ მოსულა. 300 ათასი ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა სჭირდება და ეს რასთან არის დაკავშირებუოლი, ჩემთვის ძალიან ცხადია. ამიტომ ბოდიში და ასეთ ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს მე არ ვიჯერებ. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია.
მე არ მაქვს მანდატი, რომ არჩევნებს დავაკვირდე. არჩევნებს არ დავკვირვებივარ. 3 000 უბანზე მე არ მყოლია წარმომადგენელი, მაგრამ დღემდე, ვისაც ჰყავდა წარმომადგენლები და ჰქონდა ასეთი საშუალება, მათ მიერ, ჩემი აზრით, არ არის წარმოდგენილი გაყალბების შესახებ ისეთი მყარი მტკიცებულებები, რომელიც მათქმევინებდა, რომ 300 000 ხმა გაყალბდა – როგორც მოქალაქე, ამას დავიჯერებდი – ან 100 000 მოქალაქეს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა.
მეც დავდიოდი მარნეულში და რამდენიმე უბანზე მეც ვიყავი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სისტემურად ვაკვირდებოდი არჩევნებს. მე რომ არჩევნების შესახებ დასკვნა გავაკეთო, სისტემურად უნდა დავაკვირდე ამ ყველაფერს. არ ვართ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, არცერთ სახალხო დამცველს არ გაუკეთებია დასკვნა არჩევნების შესახებ, მის ლეგიტიმაციასთან ან არალეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ეს არის სხვა სფერო, ამისთვის არსებობენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები.
არჩევნების წინა პერიოდიდან დაწყებული, როდესაც მგონი, ყოველ კვირა ვაკეთებდით განცხადებას, რომ ადგილი თუ აქვს თქვენ მიმართ რაიმე ტიპის საარჩევნო შეზღუდვას, იგივე პირადობებთან დაკავშირებით თუ არის რამე პრობლემა, მოგვმართეთ, მოიტანეთ, ან არ ვიცი, ჩვენთან თუ არა, სხვაგან, ამის შესახებ საჯაროდ გააკეთეთ განცხადება. ცალკეული შემთხვევები როგორ არ იყო და პირდაპირ ეთერში ვნახეთ, აქ ხომ საუბარი არის მასშტაბზე, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, არჩევნების შედეგები გადაიხედოს, ანუ გავლენა მოახდინოს. მასშტაბს აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ლევან იოსელიანი ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ყველა პარტიას მიმართა, მიეწოდებინათ არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაცია, თუმცა აპარატს ასეთი ინფორმაცია მათგან არ მიუღია.
„ყველა პარტიას, თითქმის ყველა ორგანიზაციას ჩვენ დავუკავშირდით და ვთხოვეთ, მოეწოდებინათ ინფორმაცია, არავინ მოგვაწოდა ინფორმაცია. ვთქვათ ჰქონდათ, მაშინ რატომ არ დაწერეს 3 000 უბანზე 11-ზე მეტი საჩივარი გაყალბების შესახებ? თუ ჰქონდათ, იქ არ იყვნენ მთელი დღის განმავლობაში? ბევრი დეტალია, რომელიც ისე მარტივად არ არის, რომ ყველაფერი დაიჯერო. თუ ასეთი მტკიცებულებები არსებობს, პირველ რიგში მე კიარა, საზოგადოებას უნდა მიაწოდონ. ვთქვათ, მე არ მენდობიან, ვისაც ენდობიან, იმას მიაწოდონ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.