გვიან ღამით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, „მეტრონომი“ პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
„ვითარება თანდათან უფრო რადიკალური და კრიზისული ხდება. როგორც ჩანს, ხელისუფლება ჯერჯერობით გამოსავალს ვერ პოულობს, თუმცა საკმაოდ დიდი ხანია, მშვიდად არიან, ყოველდღიურ ბრიფინგებსა და გამოსვლებს ვგულისხმობ. ალბათ, რამე უფრო მნიშვნელოვანს ამზადებენ.
თუმცა საკმაოდ აქტიურობს პარტიის, ასე ვთქვათ, მეორე ეშელონი. აბუ-დაბის შემდეგ, უკვე ვიხილეთ ბათუმის სცენა.
სამხარაძის დონეზე რომ „ოცნებაში“ არაფერი წყდება, ეს გასაგებია, მაგრამ რაკი „ოცნება“ ჯერჯერობით გამოსავალს ვერ პოულობს, იწყება აქტიური გადასვლა პერსონალურ დაპირისპირებებზე პოლიტიკურ ლიდერებთან. ამის გამოვლინება იყო ის, რაც ბათუმში მოხდა.
სამწუხაროა, რომ ხელისუფლების მხრიდან მოქმედებები კიდევ უფრო გამწვავდება და რადიკალური გახდება.
„ქართული ოცნების“, ასე ვთქვათ, ზედა ეშელონი, მოფიქრალი ელიტა რაღაც სცენარს, რა თქმა უნდა, ამზადებს, მაგრამ არა მგონია, გადაწყვეტილება ამ ელიტის მიერ ყოფილიყო მიღებული, რომ სამხარაძეს ან ზარქუას ჩაედინათ ისეთი რამეები, რაც ვიხილეთ ბათუმსა და აბუ-დაბიში.
სამხარაძე, ზარქუა და სანიკიძე პარტიის მოფიქრალ ელიტაში არ შედიან. რაც ვნახეთ, ეს უფრო ინდივიდუალურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებებია. მათ სხვა არაფერი შეუძლიათ, გარდა გინებისა და იმისა, რასაც აკეთებენ. ცოტა დალიეს და ძალის დემონსტრიტება გადაწყვიტეს. დაუსჯელობა გარანტირებული აქვთ და თავხედობენ, მოკლედ“, – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.
თავდასხმაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები – დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე – მონაწილეობდნენ.