ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„სამსახურიდან გამათავისუფლეს ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერ განცხადებაზე ხელის მოწერისთვის” – თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი

თბილისის მერიის უკვე ყოფილი თანამშრომელი, ქრისტინა ჩუბინიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერ განცხადებაზე ხელის მოწერისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„სამსახურიდან გამათავისუფლეს.
პოლიტიკური ნიშნით, უფრო სწორად, კონსტიტუციის და ქვეყნის ევროპული ღირებულებების ერთგულების გამოხატვის გამო 🙂 არ გვაპატიეს კონსტიტუციის ერთგულება, ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერ განცხადებაზე ხელის მოწერა.
31 დეკემბერს შეწყვეტილი შრომითი ურთიერთობის ფაქტს ოფიციალურად ვიგებ გუშინ, 13 იანვარს, ისიც ჩემი მოთხოვნით მომეწოდა ინფორმაცია… შევეშვათ იურიდიულ შეფასებას. ადამიანურად ამ დამოკიდებულებამ ძალიან, ძალიან მატკინა გული.
თბილისის მერმა “პირნათლად” შეგვისრულა დანაპირები, კობახიძეც პირნათლად ასრულებს გაცხადებულ რეპრესიებსა და “თვითწმენდას”.
რა აღარ დაგვაბრალეს, საჯაროდ რა განცხადებები არ გაკეთდა, უშუალოდ სამსახურშიც რა აღარ გამოვიარეთ, ინტენსიურად ითხოვდნენ გაგვეტანა ხელმოწერები, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, გარკვეულმა ნაწილმა მაინც შევძელით ბოლომდე და მტკიცედ დგომა.
240-მდე ხელმოწერებს ეტაპობრივად, სხვადასხვა პერიოდით აკლდებოდა სხვადასხვა რაოდენობის ხელმომწერი. ხელმოწერა ამჟამად ჩამოსულია 183-ზე. ამაზე თავად განსაჯეთ რა ხდებოდა და რა ხდება.
ეს მოკლე აღწერა, აღარ მინდა დეტალებში შესვლა და განვრცობა. ისედაც დიდი სტრესი გამოვიარე და საჯაროდ ამაზე პოსტის დაწერაც კი ჩემთვის ძალიან რთულია.
რაც მამშვიდებს და მაძლიერებს, არის ის, რომ 2022 წლიდან ამ დრომდე პირნათლად და დაუღალავად ვიმსახურე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურში. არ დამიკლია არც შრომა, არც მონდომება და არც ენერგია. არც ჩემი ცოდნა და გამოცდილება მიმიკუთვნებია რომელიმე პარტიისთვის. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო ის პასუხიმგებლობა და ვალდებულები, რაც ამ პოზიციამ დამაკისრა. ეს იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. ასევე რაც მამშვიდებს არის ის, რომ კონკურსის წესით ამირჩიეს. ჩემი და საჯარო სამსახურის ურთიერთობა 2012 წლიდან დაიწყო. ყველა, აბსოლუტურად ყველა საჯარო უწყებაში, სადაც კი მიმუშავია, ჩემი შრომით მოვხვდი, ყველგან კონკურსის გზით. რა წვალება და გზა მაქვს გავლილი, ირგვლივ ყველა ახლობელმა ადამიანმა იცის.
ახლა რაც შეეხება მადლობას!
აუცილებლად მადლობა ყველას, ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც შეხება მქონდა თბილისის მერიაში. არ გეგონოთ მომხდარი ფაქტით ყველა იმ მადლიერებას წავშლი, რაც თქვენთან მიმართებით მქონდა და მაქვს. მე შეხება მქონდა მაღალი რანგის თანამშრომლებთანაც და მათშიც იყვნენ ღირსეული და ძალიან კარგი ადამიანები. მათში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხედავდნენ და აფასებდნენ ჩემს შრომას და ჩემს ცოდნას. ამისთვის მადლობა მათ!
მადლობა იმ თანამშრომლებს, რომლებმაც ხმამაღლა ვერ შეძლეს აზრის დაფიქსირება, მაგრამ სოლიდარულები იყვნენ. ვინც ვერ შეძლო სოლიდარობა, ესეც არაფერია, არაუშავს. ყველაზე დიდი სოლიდარობის სუბიექტი ჩემშია – ჩემი სინდისის ხმა.
მადლობა გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს, მადლობა ხელმომწერებს, რომლებიც ასეთი სოლიდარულები არიან ერთმანეთის მიმართ. მადლობა ყველა, ყველა ადამიანს, ორგანიზაციას თუ პატარა ინიციატივებს, რომლებაც ამ მძიმე მდგომარეობაში მარტო არ დაგვტოვეს და სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადეს.
მადლობა ამ გამოცდილებას ახალი ადამიანების აღმოჩენისთვის და ძველი, ნამდვილი ადამიანების მკაფიოდ დანხვისთვის.
12 იანვარს, თავის დაბადების დღეზე, უკრაინაში ქართველი მებრძოლი ჯარისკაცი – კახა თილიძე დაიღუპა. ჩემი ოჯახის ახლობელი… კაცი, რომელიც წარმოუდგენელი შემართებით და სულისკვეთებით ბოლომდე იცავდა საქართველოს თავისუფლებას. რუსებისგან! ანდერძიც დაგვიტოვა – გაუფრთხილდით ჩვენს საქართველოსო, ჩვენ ჩვენს წილს ვუფრთხილდებით, თქვენ თქვენსას გაუფრთხილდითო.
ნუთუ ვერ უნდა შევძლოთ ჩვენი წილის გაფრთხილება და დაცვა? ეს იყო ჯარისკაცი, რომელსაც შეეძლო ამერიკაში ძალიან, ძალიან კარგი ცხოვრებით ეცხოვრა. არც არავინ განსჯიდა ამისთვის, ომში ბრძოლის გარეშეც თავისებურად იბრძოლებდა. იბრძოლებდა ისე, როგორც ახლა ჩვენ ჩვენი მოკრძალებული ბრძოლა გვაქვს. მაგრამ არა! ფრონტის ხაზზე ყოფნა ამჯობინა. დროებით სამკაულებს არ გაეკიდა. ვერ შეძლო სხვანაირად. ასეთი გმირების ფონზე ზოგჯერ ჩემი არსებობისაც კი მრცხვენია… ამ ყველაფრის ფონზე ჩემი ამ ამბის გაზიარებაც არ მინდოდა. მაგრამ ჩვენ ყველას ჩვენ ჩვენი სათქმელი და საბრძოლველი გვაქვს. თურმე მართლაც ასე ყოფილა.
ახალი წლის მოლოცვაში დავწერე და ახლაც იგივეს დავწერ. ბენდუქიძემ თქვა ერთხელ- ზოგჯერ გაიმარჯვებ, ზოგჯერ ისწავლიო. ხოდა, უფრო სწავლის წელი იყო. გამარჯვებები წინ იქნება, მე ამის მჯერა!
და ბოლოს, “ჰამლეტიდან” ჩემი ყველაზე საყვარელი ნაწყვეტი. ცხოვრებისეულ რეფრენად რომ მექცა:
„თიხად გარდიქცა კეისარი ყოვლად ძლიერი
და სახლთ სალესად ხმარობენ მას, მას ქვეყნის მზარავს!
ის, ვის წინაშეც შიშით ძრწოდა ურიცხვი ერი,
ზამთრის სუსხისგან უბრალო ქოხს ეხლა იფარავს.“
კეისრები ნაკლებად, მაგრამ მოკვდავნი ნამდვილად ხართ!
საახალწლოდ ერთი მნიშვნელოვან სურვილსაც ჩავთქვამდი, მეტად ემპათიურები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ“, – აღნიშნულია პოსტში.

იტვირთბა....