“შტატებმა საქართველოში რუსულ ხელისუფლებას დიაგნოზი საბოლოოდ დაუსვა” – ამბობს კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება.
“შეერთებულმა შტატებმა და ახალმა ადმინისტრაციამ, ისევე როგორც ძველმა, ”ქართულ ოცნებას” ანუ, რუსულ ხელისუფლებას საქართველოში საბოლოოდ დაუსვა დიაგნოზი. ეს არის ძალა, რომელიც ემსახურება რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში და ყველანაირად ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და კავშირებს იმ დასავლურ კურსთან, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა და საზოგადოებამ აირჩიეს. დღევანდელი განცხადება არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და მისი ე.წ. პრემიერი, რომელიც კავშირშია რუსეთთან, ირანთან, ჰეზბოლასთან და ა.შ. და ეს ძალები არიან ბუნებრივია შეერთებული შტატების პირდაპირი მტრები.
ჩვენი ვიზიტი ემსახურება იმას, რომ კიდევ ერთხელ გადავცეთ ის გზავნილი, თუ რა მოხდა საქართველოში და რა ხდება ახლა. გადავცეთ იმ ადამიანების გზავნილები, რომლებიც რუსთაველზე არიან ორ თვეზე მეტია და რაც ყველაზე მთავარია, მივაღწიოთ ახალ არჩევნებს. ჩვენი ამოცანაა, რომ ახალ ადმინისტრაციასთან დღესვე დავიწყოთ საუბარი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე, ეკონომიკური კავშირის აღდგენაზე და ინვესტიციების შემოტანაზე”, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერები ვაშინგტონში შეხვედრებს აგრძელებენ – როგორც მამუკა ხაზარაძე აცხადებს, ვიზიტის მიზანია, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს საქართველოში მიმდინარე მოვლენები კარგად გააცნონ და ხელახალი არჩევნების დანიშვნის თარიღზე იმუშაონ.