„სს საქართველოს კაპიტალის (Georgia Capital PLC)“ დირექტორთა საბჭო „რადიო თავისუფლების“ მიერ წინა კვირაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„დირექტორთა საბჭოს არ გააჩნია ინფორმაცია ზემოაღნიშნული სიის წარმომავლობასთან
დაკავშირებით. თუმცა, დირექტორთა საბჭო აქტიურად მუშაობს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გარემოებების გარკვევის მიზნით. „საქართველოს კაპიტალი“ არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული საჯარო კომპანია და მის ძირითად აქციონერებს ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ინსტიტუციონალური ინვესტორები წარმოადგენენ. ირაკლი გილაურის ხელმძღვანელობით კომპანია იმართება კორპორატიული მართვის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.
ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა პირთა საკმაოდ ფართო წრის მიმართ და
შესაბამისად, ჩვენი კომპანიის პოლიტიკა ყოველთვის ითვალისწინებდა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში ჩაურევლობას.
დირექტორთა საბჭოს გააჩნია სრული ნდობა ირაკლი გილაურისადმი და არ ეთანხმება არანაირ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობა შესაძლოა განიხილავდეს მის წინააღმდეგ რაიმე მოქმედების განხორციელებას.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისა და განხილვის შედეგად, ნებისმიერი უფლებამოსილი ორგანო გაიზიარებს ჩვენს შეხედულებას.
„საქართველოს კაპიტალი“ აგრძელებს კორპორატიული მართვის უმაღლესი სტანდარტებით მოქმედებას და მიმართავს ყველა საჭირო ზომას კომპანიისა და ირაკლი გილაურის მიმართ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე საპასუხოდ“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რადიო თავისუფლებამ 9 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მომდევნო სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომელიც შეიცავს “ბიძინა ივანიშვილის მაცოცხლებელი ქსელის” სიას, წერილის ავტორები მომავალ სახელმწიფო მდივნისგან აღნიშნული ადამიანების დასანქცირებას მოითხოვენ. ჩამონათვალში იყო, საქართველოს კაპიტალის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაურიც.