ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ათასობით დამწვარი შენობა, 300 000-ზე მეტი ევაკუირებული ადამიანი და საგანგებო მდგომარეობის შემოღების ალბათობა – კალიფორნია სტიქიური უბედურების ზონად იქცა

მესამე დღეა, კალიფორნია სტიქიური უბედურების ზონაა. შტატის დასახლებებს მასშტაბური ხანძარი ანადგურებს. ცეცხლმა 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გადამწვარია 10 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, საკუთარი საცხოვრებელი უკვე დატოვა 360 000-მა ადამიანმა. ლოს ანჯელესთან მდებარე ქალაქებში – ფესიფიქ ფერედაისში და იტან-კანიონში ხანძარი უკვე შეაფასეს, როგორც შტატის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სტიქიური უბედურება.

წინასწარი შეფასებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა 135-150 მილიარდ დოლარს აღწევს. შტატის პოლიცია დაზარალებულ რაიონებში კომენდანტის საათის შემოღებას არ გამორიცხავს. გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობისგან დაცარიელებულ რაიონებში მაროდიორობის შემთხვევები დაფიქსირდა. სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით 20 პირი დააკავეს. ლოს ანჯელესის ვუდლენდ ჰილსის რაიონში პოლიციამ ხანძრის გაჩენის ბრალდებით საპატიმროში ერთი მოქალაქე გადაიყვანა.

ამ დროისთვის, შტატის სხვადასხვა ლოკაციაზე გაჩენილი ცეცხლის კერების ლოკალიზება ვერ ხერხდება. სტიქიის მიმდებარედ მცხოვრებ რაიონებში ასობით ათას ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია, შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, გაუქმებულია საჯარო ღონისძიებები.

კალიფორნიაში კლიმატური პირობებით გამოწვეული ხანძრები ხშირი მოვლენაა. 2024 წელს, შტატის სხვადასხვა რაიონში 8 000-ზე მეტი ხანძარი იყო, რამაც, საერთო ჯამში, დაახლოებით, 425 ათასი ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა.

 

წყაროrustavi2.ge

იტვირთბა....