ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აუტიზმის მქონე ბავშვის მშობლები პატრიარქს მიმართავენ

აუტიზმის მქონე ბავშვის მშობლები, დიანა ჯანაშია და ბესარიონ ცინცაძე პატრიარქის ქადაგებას ეხმაურებიან. მშობლების განცხადებას „მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.

„2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. საქართველოშიც უკვე რამდენიმე წელია, რაც იმართება სხვადასხვა აქტივობები, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. სახელმწიფო თუ კერძო უწყებები მიმართავენ ინფორმაციის გაზრდის სხვადასხვა მეთოდს, როგორიცაა სასწავლო ვიზიტები, გამოფენა – გაყიდვები, დისკუსიები და სხვა. თითოეული დაგეგმილი ღონისძიების მიზანია მოხდეს აუტიზმის მქონე ბავშვების ინტეგრირება საზოგადოებაში. აუტიზმის მქონე ბავშვის მშობლები ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულები და/ან გვევლინებიან ორგანიზატორებად ისეთი შეხვედრების, რომლის მიზანიც არის საზოგადოებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება აუტიზმის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების ამ პროცესში ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდეს ყველა ის სტრუქტურა რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი და გარდამტეხი როლი იქონიოს საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და შეხედულებების ნგრევის პროცესში. საქართველოს საპატრიარქოს ჰყავს დიდი მრევლი და ხშირია, როცა საკვირაო ქადაგებაში გაჟღერებული სიტყვები გათვიცნობიერებულად თუ გაუთვიცნობიერებლად ფეხს ადვილად იკიდებს საზოგადოების ყოველდღიურ სასაუბრო ლექსიკაში. მოგეხსენებათ რომ პატრიარქის 3 აპრილის საკვირაო ქადაგებაში აუტიზმი განმარტებული იქნა მრევლისთვის როგორც მძიმე დაავადება, და შესაბამისად არაერთხელ გაესვა ხაზი „ავადმყოფი“ შვილების მშობლების სატარებელ მძიმე ჯვარს. იქიდან გამომდინარე რომ აუტიზმი არის ნეიროგანვითარების დარღვევა და არა დაავადება აუცილებლად მივიჩნევთ რომ ტექსტის შედგენისას მოხდეს ინფორმაციის გადამოწმება და დაზუსტება, რათა თავიდან ავირიდოთ ისეთი სიტყვების გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ისედაც არსებული სტიგმის გაღრმავებას და პროვოცირებას გაუწევს საზოგადოების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების დაპირისპირებას.”

განცხადებას ხელს აწერენ: დიანა ჯანაშია, მესარიონ ცინცაძე, მარი კორკოტაძე, ხათუნა ხავთასი, თამუნა მურუსიძე, ეკა გაბადაძე, მაკა ჯღამაძე, ანი დანელია, ნინო რობაქიძე.

“დღეს ჩვენთან იმყოფებიან მშობლები, რომელთაც ჰყავთ ავადმყოფი შვილები აუტიზმით. ეს არის ჯვარი თქვენი და თქვენი შვილების. ღმერთმა მოგცეთ მადლი და ძალა ბოლომდე ზიდოთ ეს ჯვარი. აუტიზმი მძიმე ავადმყოფობაა, მაგრამ ამავე დროს, ხშირია შემთხვევა, როდესაც ისინი გრძნობენ და ხედავენ უფრო მეტს, ვიდრე ჩვენ. ხშირია შემთხვევა, როდესაც აუტიზმით დაავადებულები გენიალური ადამიანები ხდებიან”, – ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.

იტვირთბა....