პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოდის და დეპუტატებს მიმართავს.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ორი მოთხოვნა: ევროპული მომავალი და სამართლიანი, ახალი არჩევნები.
“მადლობა, რომ მომეცით საშუალება ამ გადამწყვეტ პერიოდში საქართველოსთვის ვიმყოფებოდე აქ და მქონდეს საშუალება, მოგაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ჩემს ქვეყანაში დღესდღეობით. მადლობა მინდა გადავუხადო ევროპარლამენტის დელეგაციას, რომლებიც რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდნენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტში, სიტყვით გამოსვლის დროს.
“მოთხოვნა არის ორი: დააბრუნეთ ჩემი ხმა, რადგან არჩევნები იქნა მოპარული, მომეცით ჩემი ევროპული მომავალი – ეს არის ახალი არჩევნების მოთხოვნა.”
პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არჩევნების მიმდინარეობისას, უბნებზე ძალადობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა ვერ შეძლო.
“არჩევნების მიმდინარეობისას, მე პირადად ვნახე ძალადობა, რომელიც ხდებოდა ზოგიერთ საარჩევნო უბანზე. შს მინისტრს დავურეკე და ვერ დავუკავშირდი, ვერც მობილურ ტელეფონზე, ვერც სამთავრობო ქსელზე, ვერც მის მოადგილეებს, ვერანაირად”, – თქვა ზურაბიშვილმა
“ეს არ არის რევოლუციური მოძრაობა, ეს არის მოთხოვნა, რომ დაგვიბრუნდეს არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ეს არის ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნა დღეს. მათი მოთხოვნა არის, რომ დემოკრატიულად მოხდეს ხმის მიცემის უზრუნველყოფა. არ არის საშიშროება, რომ ჩვენ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მივდიოდეთ. ერთ მხარეს არის ხალხი და მეორე მხარეს არის ერთი პარტია. ამის დადასტურება არის ის, რომ მმართველმა პარტიამ აირჩია რუსული გზა და ზოგჯერ მათ უწევთ თავის მოკატუნება, რომ ევროპისკენ მიდიან. მათ ამომრჩევლებს შორისაც კი, არის ის სურვილი, რომ ქვეყანა ევროპული გზით წავიდეს. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ხალხს სურს ევროპული გზით განვითარება” – განაცხადა ზურაბიშვილმა.