ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებელი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

“დღეს საქართველოში დემოკრატიული პროცესი საფრთხეშია, შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტი, რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. როგორც ჩანს, საკმარისი დრო არ გასულა საიმისოდ, რომ მოქალაქეებმა, კანონმდებლებმა თუ სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა ფუნდამენტურად გაიაზრონ, რისთვის სჭირდება ქვეყანას საზოგადოებრივი მაუწყებელი. ის სტანდარტი, რომელიც ჩვენ ამ წლების მანძილზე დავნერგეთ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეს საფრთხის წინაშეა. საზოგადოება დაყოფილია მხარეებად, აღქმები ფაქტებს ანაცვლებს, მაუწყებელს კი სთხოვენ მისი ფუნდამენტური არსის უარყოფას, კანონის დარღვევას და მხარედ გადაქცევას.

წლებია, საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველა დაინტერესებულ მხარეს შეხვედრის ადგილად საკუთარ ტრიბუნას და რესურსს სთავაზობს. წლებია, ვიღებთ უარს დიალოგზე, დისკუსიაზე და ერთად საუბარზე. უარი მივიღეთ წინასაარჩევნო დებატებზეც კი. უკვე წლებია, ამ არხზე არავის არასდროს ეთერის მოპოვება არც დასჭირვებია და არც გასჭირვებია, თუმცა ახლა ნათლად გამოჩნდა დაპირისპირების მაღალი ხარისხი, განსხვავებული აზრის დევნა და სრული მიუღებლობა. მივედით იქამდე, რომ ჩვენი ჟურნალისტებისგან კატეგორიულად მოითხოვენ, არ დაუთმონ ეთერი მეორე მხარეს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს არის 1000-ზე მეტი პროფესიონალი, წესიერი და თმენით სავსე ადამიანთა გუნდი, ამ ადამიანებზე გადის დღეს ის წნეხი, რომელსაც ორგანიზაცია განიცდის, თუმცა ჩვენ მზად ვართ, ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს ვიყოთ ხიდი გაურკვევლობასა და სიცხადეს, აღქმებსა და ფაქტებს, სიძულვილსა და თანადგომას შორის. კარგად გვაქვს გააზრებული ჩვენი როლი და ფუნქცია, ვიყავით და ვრჩებით პლატფორმად ნებისმიერი განსხვავებული აზრისთვის და მზად ვართ, ვემსახუროთ საზოგადოებას.

ვთავაზობთ ყველა მხარეს, დაძლიონ გაუცხოება და დაიწყონ ერთმანეთთან საუბარი, გამართონ დისკუსია ღია ეთერში, სადაც მხარე მხოლოდ ერთია – მაყურებელი, რომელსაც აქვს უნარი, სწორად გაანალიზოს მშვიდად და ობიექტურად მიწოდებული ინფორმაცია, ამავდროულად აქვს უფლება, შეიცვალოს ან დარჩეს იმ პოზიციაზე, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნის, მისი არჩევანია.” – ვკითხულობთ განცხადებაში.

იტვირთბა....