13 დეკემბერს, ევროპარლამენტის მრავალპარტიულმა დელეგაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელიც საქართველოს დემოკრატიული მომავლის მხარდასაჭერად და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გასაუმჯობესებლად მიმართულ ნაბიჯებს მოიცავს.
განცხადება, რომელიც ადრესატებიც არიან ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის კაია კალასი და მარტა კოსი, შეიცავს საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად კონკრეტულ რეკომენდაციებს.
“საქართველო კრიტიკულ გზაჯვარედინზე იმყოფება. მისი დემოკრატიული მომავალი საფრთხის ქვეშ დგას. საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ კონსტიტუციური ვალდებულება დაირღვა, ხოლო “ქართული ოცნების” მმართველობამ გააუქმა ქართველების ევროპული მისწრაფებები”, – ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერები:
- სერგეი ლაგოდინსკი (მწვანეები/EFA), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე;
- რასა იუკნევიჩიენე (EPP), საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი;
- ნატალი ლუაზო (Renew), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის პირველი ვიცე-თავმჯდომარე;
- მიხალ შჩერბა (EPP), სამხრეთ კავკასიის დელეგაციის მეორე ვიცე-თავმჯდომარე;
- ტობიას კრემერი (S&D), საქართველოს საკითხებზე ჩრდილოვანი მომხსენებელი;
- რეინიე ვან ლანშოტი (მწვანეები/EFA), საქართველოს საკითხებზე ჩრდილოვანი მომხსენებელი;
- ბერნარ გეტა (Renew), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრი.
დელეგაცია 12 დეკემბერს თბილისში იმყოფებოდა, სადაც შეხვდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, სახალხო დამცველს, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას.