ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. „აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფების მიმართ მტკიცეა. ეს მხარდაჭერა გამოიხატება ჩვენს დახმარებაში, წვრთნის ჩატარებასა და უსაფრთხოების კუთხით, რომ საქართველო მზად იყოს შეუერთდეს ალიანსს და ნატო იყოს მომზადებული მის მისაღებად. ნატომ, არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ყველა ბერკეტი ალიანსში შესასვლელად. ველით, რომ ვარშავის სამიტზე ნატო კვლავ ვალდებულებას აიღებს დაეხმაროს საქართველოს და ხელახლა დაადასტურებს მის ევროატლანტიკურ გზასაც.“ – განმარტავს კელი.
ამერიკელი დიპლომატი ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტსაც გამოეხმაურა და შეშფოთება გამოთქვა საომარი ვითარების გამო.
“შეშფოთებული ვართ მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების გამო. ყოველდღიური კონტაქტი მაქვს ქართველ ოფიციალურ პირებთან, ველაპარაკე საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს. ჩვენ ერთიანი პოზიცია გვაქვს – მნიშვნელოვანია სიტუაციის დეესკალაცია, რომ ეს ყველაფერი გადავიდეს დიალოგის ფორმატში. დღეს ვენაში გაიმართება მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შეხვედრა და ვიმედოვნებთ, რომ ეს ხელს შეუწყობს – ვითარება დიპლომატიურ და პოლიტიკურ ჩარჩოებს დაუბრუნდეს. ”