ბიზნეს-ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ლაშა პაპაშვილი რადიო “კომერსანტთან” საუბრისას აცხადებს, რომ თბილისში, ერთოთახიან ბინებზე შეზღუდვები უნდა დაწესდეს.
პაპაშვილი ერთოთახიანი ბინების სასწრაფოდ აკრძალვას ითხოვს, რომელიც მისი თქმით, ქალაქში ყველაზე კარგად იყიდება.
„…აღარ სჭირდება ქალაქს ამდენი საცხოვრებელი. შეზღუდვა უნდა იყოს ერთოთახიან ბინებზე, რომელიც ყველაზე კარგად იყიდება. ვიცით, რომ ღარიბი ქვეყანაა და არ უნდა წამოვაგოთ ჩვენი მოქალაქეები, ერთ სადარბაზოში 80 ბინა რომ იქნება, დამღუპველია, მისი ფასი ვარდება.
ამგვარი განაშენიანება დასავლეთში აკრძალულია და კანონი კრძალავს. ყურადღებაა მისაქცევი.
მე მგონი შემოიღებენ ამგვარ შეზღუდვებს, უკიდიურესად საჩქაროა. ჩვენ აღარ ვაკეთებთ საცხოვრებელს. მეათე წელია ამ ბიზნესში ვართ და არცერთი არ გაგვიკეთებია, უფრო ბიზნეს ცენტრებს ვაკეთებთ, იმიტომ რომ უნდა შევინარჩუნოთ აქტივების ღირებულება.
ყველა, ძალიან ღარიბ ადამიანსაც კი რაღაცა დანატოვარი უძრავი ქონება გააჩნია და ხომ გვინდა ამას ფასი მოემატოს, ასე თუ წავიდა, უფასურდება ყველაფერი.
ყველა სახლი, რაც კი შენდება დღეს, ამ ქალაქში მინიმუმ 30%–ით ჩამოფასებული იქნება მსოფლიოს ნებისმიერი აუდიტორის მიერ. არ არსებული ინფრასტრუქტურის და განაშენიანების გამო.
ასეთი ინტენსიური განაშენიანება არ უნდა იყოს, ერთ სადარბაზოში არ უნდა მოიყაროს თავი ასობით მოქალაქემ. ბათუმსაც იგივე ემუქრება. აღარაფერს ვამბობ მშენებლობის ხარისხზე, რაც დამღუპველია და საუკუნოვან პრობლემად რჩება ამ ქალაქისთვის.”-აცხადებს ლაშა პაპაშვილი.