საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე ექვს პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ბრალდებულები აქტიურად მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, რის შედეგადაც, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო არაერთმა პირმა.
„ასევე, დაზიანდა და განადგურდა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების ქონება, მათ შორის თბილისის მერიის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.