ახალი ამბები

საჯარო სექტორის თანამშრომლების განცხადება: “ვემსახურებით არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ვემიჯნებით 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას”

საჯარო სექტორის თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

“ჩვენ, საქართველოს საჯარო სექტორში დასაქმებული პირები, გულწრფელად და ერთგულად ვემსახურებოდით და ვემსახურებით არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რაც გულისხმობს ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო ატლანტიკური მისწრაფებების დაცვას.

მიგვაჩნია, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია და ყველა იმ მექანიზმის ბოლომდე ათვისება, რომელსაც გვთავაზობს ეს პროცესი. მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვქონდა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების, ვიზალიბერალიზაციისა და ევროკავშირის საკანონმდებლო სივრცესთან დაახლოების პროცესში, იმ რწმენით, რომ ეს ჩვენი წინაპრებისგან გარდაუვალი სურვილით ნაკარნახევი, ადამიანზე ორიენტირებული და დაცული მომავლისთვის ყოველდღიური შრომა იყო. ვშრომობდით რა იმ მომავლისთვის, რომელიც თითოეულ ადამიანს ღირსეული ცხოვრების, კეთილდღეობის, თანასწორობის, განვითარებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის საშუალებას აძლევს,

ამ რწმენით, ცალსახად ვემიჯნებით 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას და მკაცრად ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის არაპროპორციული ფორმებით დარბევას!

ვადასტურებთ, ჩვენს განუხრელ ერთგულებას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში გაცხადებული, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ, არაერთხელ მკაფიოდ გამოხატული ნების მიმართ!

ვემსახურებით საქართველოს!” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ღიაა და ხელმოწერა შეუძლია საქართველოს საჯარო სექტორში დასაქმებულ, ნებისმიერ ადამიანს.

იტვირთბა....