აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს CNN-ს განუცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობა „გაუვნებელყოფილია“ და ის ეძებს ახალ ლიდერებს, რომლებიც კარგად მოეპყრობიან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს რელიგიური ლიდერი იქნება და ქვეყანა არ იქნება დემოკრატიული სახელმწიფო.
„ირანი აღარ არის ისეთივე ქვეყანა, როგორიც ერთი კვირის წინ იყო. ერთი კვირის წინ ისინი ძლიერები იყვნენ, ახლა კი მართლაც გაუვნებელყოფილნი არიან“, – განუცხადა მან CNN-ს.
ტრამპმა გამოხატა რწმენა, რომ ირანის ახალი ლიდერის შერჩევა მარტივი იქნება – პროცესი, რომელშიც, მისი თქმით, თავად უნდა იყოს ჩართული – და ეს მისია კვლავ ვენესუელას შეადარა, სადაც მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ-მა ნიკოლას მადურო დააკავა და ხელისუფლებაში მისი მოადგილე მოიყვანა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ იგი წინააღმდეგი არ არის, ირანს რელიგიური ლიდერი ჰყავდეს.
„დიახ, შესაძლოა, ვგულისხმობ, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ იქნება ეს პიროვნება. რელიგიური ლიდერების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე ბევრ რელიგიურ ლიდერთან მაქვს საქმე და ისინი ფანტასტიკურები არიან“, – განაცხადა მან.
კითხვაზე, დაჟინებით მოითხოვს თუ არა ირანში დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობას, ტრამპმა CNN-ს უპასუხა: „არა, მე ვამბობ, რომ იქ უნდა იყოს ლიდერი, რომელიც იქნება სამართლიანი და პირნათელი. შეასრულებს დიდებულ სამუშაოს. კარგად მოეპყრობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს, ასევე ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებს – ისინი ყველანი ჩვენი პარტნიორები არიან“.

