ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, სადაც მანამდე უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
„ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა, საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, თავისი შინაარსით, ორმხრივია და მხოლოდ ორმხრივი შეიძლება იყოს. ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი დიდი ისტორიით. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს. მეტიც, მიგვაჩნია, რომ საქართველოს, თავისი მდიდარი კულტურითა და პოტენციალით, ზუსტად ისევე შეუძლია გაამდიდროს ევროკავშირი, როგორც ევროკავშირს შეუძლია გაამდიდროს საქართველო. ამ ფონზე, ქართველი ხალხისთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილის მცდელობა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ცალმხრივ მოვლენად წარმოაჩინონ. კიდევ უფრო მიუღებელია შეურაცხყოფების მთელი კასკადი, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ამ ადამიანებისგან ვისმენთ. ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა ევროპარლამენტი აქციეს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის შიშველ იარაღად, რაც ევროკავშირის უდიდესი სირცხვილია”– აცხადებს კობახიძე.
მისი თქმით, ევროპარლამენტმა გასული 3 წლის მანძილზე მიიღო სიცრუითა და შეურაცხყოფით სავსე 5 რეზოლუცია, რომლებიც არათუ ქართულმა საზოგადოებამ, ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომაც კი არ გაიზიარა.
“სრულიად საქართველო იყო საპარლამენტო არჩევნებში ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილის ჩარევის მომსწრე, რაც დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა. დღეს კი, იგივე ადამიანები ლეგიტიმურ არჩევნებს თავს ესხმიან. მეტიც, ისინი ზუსტად ისეთივე შემართებით ესხმიან თავს ეუთო/ოდირის არჩევნების შემფასებელ მისიას, რომელმაც არჩევნები კონკურენტულად შეაფასა, როგორც ამას საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერები აკეთებენ. ასევე, ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ. ყველას გვახსოვს, როგორ გეგმავდნენ 2021 წლის არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე საქართველოსთვის 75 მილიონი ევროს მოცულობის სესხის გაუქმებას, რათა ამით არჩევნებზე არალეგიტიმური გავლენა მოეხდინათ. მსგავსი ნაბიჯი გადაიდგა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც, თუმცა, ამან ქართველი ხალხის არჩევანზე ვერავითარი გავლენა ვერ იქონია. ფულის შანტაჟისთვის გამოყენებაც არის შეურაცხმყოფელი პრაქტიკა, რომელიც თავმოყვარე ქართველი ხალხისთვის არასოდეს გახდება მისაღები. ყველას გვახსოვს ისიც, თუ როგორ იქნა გამოყენებული კანდიდატის სტატუსის საკითხი საქართველოს დასაშანტაჟებლად, ქვეყანაში არეულობის შემოსატანად და საზოგადოების გასახლეჩად. უკრაინაში ომის დაწყების ფონზე, იმ დროს, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა სიმშვიდე, ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილმა კანდიდატის სტატუსის თემა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის გამოიყენა. აღნიშნულ რევოლუციის მცდელობაში ღიად იყვნენ ჩართული ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირიდან იღებენ დაფინანსებას. თითქმის 2 წლის განმავლობაში, კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენებოდა საქართველოში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის გაღვივების მთავარ ინსტრუმენტად, რაც საქართველოს მიმართ არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე კიდევ ერთხელ მეტყველებს”– აცხადებს კობახიძე.