ახალი ამბები

„ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიების ჩახსნის მოთხოვნით ცესკო-ში განცხადება შეიტანა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცესკო-ში წარადგინა განცხადება, რომლითაც პარლამენტში სიის ჩახსნას ითხოვენ. როგორც სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, ახლა ელოდებიან „რუსულ სპეცოპერაციაში ერთ-ერთ მთავარ მონაწილეს, გიორგი კალანდარიშვილს“, რათა დააკმაყოფილოს კოალიციის განაცხადი.

„მოვიტანეთ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ სახელით განცხადება თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ხელმოწერით, კანონით დადგენილი წესით, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციას სთხოვს, რომ ჩაიხსნას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სია, ვინაიდან ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს და ველოდებით მათი მხრიდან დაკმაყოფილებას ჩვენი განცხადების. სამი დღის ვადაში ველოდებით, რომ რუსულ სპეცოპერაციაში ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ, გიორგი კალანდარიშვილმა დააკმაყოფილოს ჩვენი განცხადება კანონით დადგენილი წესით, შემდგომ ყველა ნაბიჯს და კანონით დადგენილ წესს გამოვიყენებთ, რომ ამ პარლამენტს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია. ამ პარლამენტს არ აღიარებს არავინ, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ეს არის თვითმარქვია პარლამენტი და თვითმარქვია ხელისუფლება.“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

იტვირთბა....