პარლამენტი ახალი მთავრობას, ხუთშაბათს, 28 ნოემბერს დაამტკიცებს. დღეს და ხვალ მთავრობის შემადგენლობის და პროგრამის განხილვა კომიტეტებში გაიმართება.
ამ წუთებში, დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს ორ ჯგუფად უსმენენ. ერთი მხრივ, გაერთიანებულია ევროინტეგრაციის, საგარეო და დიასპორის კომიტეტები, სხდომაზე უკვე მოუსმინეს პირველი დიპლომატის პოსტზე წარდგენილ მაკა ბოჭორიშვილს.
პარალელურად იმართება იურიდიული, ადამიანის უფლებათა, თავდაცვის და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, აქ დღის განმავლობაში ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს მოუსმენენ.
ამ წუთებში, ტრიბუნა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს აქვს დაკავებული.
“სისხლის სამართლის სტატისტიკა ცალსახად მოწმობს, რომ კრიმინოგენური მდგომარეობა სტაბილურად მშვიდია და წლების მიხედვით უმჯობესდება. მინდა გამოვყო ექვსი კატეგორიის დანაშაული – განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობის მცდელობა, ქურდობა ბინაში შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა და ხულიგნობა. სტატისტიკა ადასტურებს, რომ წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კიბერდანაშაულის გამოძიების საკითხებს, გაიზრდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პოლიციელთა რაოდენობა და გაღრმავდება ოპერატიული თანამშრომლობა ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სამსახურებთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება ისეთ პრიორიტეტული მიმართულებით, როგორც არის დანაშაულის, მათ შორის, ოჯახში ძალადობისა და სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ხელფასების ზრდა, 2020-2024 წლებში საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლების ხელფასები, სულ მცირე 58-დან 60%-ით გაიზარდა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.