ფონიჭალაში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული დედა-შვილის მკვლელობიდან უკვე 40 დღე გავიდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, დაკითხულია ათეულობით ადამიანი, ამოღებულია უამრავი ნივთმტკიცება, საქმეში დევს ექსპერტიზის მთელი რიგი დასკვნები, თუმცა სავარაუდო მკვლელის შესახებ გამოძიება ამ დრომდე არაფერს ამბობს. გაზეთი „პრაიმტაიმი“ შემთხვევის შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებს:
ცნობილია, რომ სამართალდამცავები ერთდროულად რამდენიმე ვერსიაზე აქტიურად მუშაობენ, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ არსებობდეს ეჭვმიტანილ პირთა წრეც. გაზეთ „პრაიმტაიმისთვის“ ოჯახის ახლობლისგან გახდა ცნობილი, რომ:
„გამომძიებლებმა ცოტა ხნის წინ დაიბარეს ოთარი (მოკლული ქალის მეუღლე), აჩვენეს რამდენიმე ფოტო. ანუ, როგორც ვიცი, საეჭვოდ ეჩვენათ რამდენიმე ახლობელი და ქმარს სთხოვეს, ისინი ამოეცნო. მერე რა მოხდა, არ ვიცი. ვისზე რა ინფორმაცია აქვთ, ჯერ არ გვეუბნებიან, ალბათ, გამოძიებას ასე სჭირდება. ვიცით ისიც, რომ გამოძიება სწავლობს ერთ-ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც“.
„პრაიმტაიმთან“ საუბრისას გარდაცვლილ ნონა რამინაძის მეუღლე, ოთარ მამფორია ადასტურებს, რომ მას ნამდვილად ანახეს რამდენიმე პირის ფოტოსურათი და მის ამოცნობას სთხოვდნენ. მისი თქმით, გამოძიება დაინტერესებული იყო ამ ადამიანებისა და მისი მეუღლის კავშირებით.
ოთარ მამფორია, გარდაცვლილის მეუღლე:
– კი, მითხრეს რაღაც-რაღაცები გვაქვსო, მაგრამ კონკრეტულად რაზეა საუბარი, არ ვიცი. ახლა მე ქობულეთში ვარ, ორმოცი გვაქვს. სამწუხაროდ, ბევრს ვერაფერს გეტყვით.
– გაქვთ ინფორმაცია გამოძიების ფარგლებში დაკითხულ პირთა შესახებ?
– ვიცი, რომ აბსოლუტურად ყველა დაკითხეს, სამეზობლოთი დაწყებული, სანათესაოთი დამთავრებული. ყოველდღე მირეკავენ, რაღაც-რაღაც შეკითხვებს მისვამენ.
– ფოტოებზე რას გვეტყვით, რომელიც თქვენ განახეს?
– მკითხეს, ამას თუ იცნობო, რამდენიმე სურათი მაჩვენეს. სამწუხაროდ, მეუღლის სანათესაოსა და სამეგობროს ყველას არ ვიცნობდი.
– თქვენი მეუღლის საახლობლოდან ვინმეს ამოცნობა გთხოვეს?
– კი, მაგრამ არ ვიცნობდი.