“კარგად გაიხსენონ, როგორი იყო საქართველოს როლი ავღანეთში ომის დროს, საქართველომ ავღანეთში გერმანელებზე ნაკლები როლი შეასრულა? ეს ამბავი დაავიწყდათ?” – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილი გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელ „X“ -ზე გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ფიშერი წერს: „სამწუხაროდ, საქართველოს ახლანდელი პოლიტიკა გერმანიისთვის შემაშფოთებელია და საქართველოში ზოგიერთი მსხვილი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია“.
„კარგად უნდა იცოდეთ, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არაფერ შუაშია. ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს ხელისუფლებას სიმამაცე, პატრიოტიზმი ეყო, მეორე ფრონტი არ გაეხსნა, როცა შეიძლება, საქართველო ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დამდგარიყო. ეს არის ერთადერთი მიზეზი, ამის გამო იყვნენ მოწადინებული, ხელისუფლება შეეცვალათ, რაც არ გამოუვიდათ და გაბრაზებული არიან. ამ გაბრაზების მიზეზებს პირდაპირ ვერ იტყვიან. ამიტომ ხან არჩევნები გაყალბდაო, ამბობენ და ხან სხვა რაღაცას მოიფიქრებენ ხოლმე, ყოველგვარი არგუმენტისა და კონკრეტიკის გარეშე.
კარგად გაიხსენონ, როგორი იყო საქართველოს როლი ავღანეთში ომის დროს, საქართველომ ავღანეთში გერმანელებზე ნაკლები როლი შეასრულა? ეს ამბავი დაავიწყდათ? ევროკავშირმა საქართველოში ერთი სერიოზული ინვესტიცია განახორციელოს – არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ეკონომიკა არსებობს. სამხედრო პროექტები, რაც კეთდებოდა, კეთდებოდა იმისთვის, რომ ისევ ერაყში, ავღანეთსა და აფრიკაში მომსახურებოდა მათ ინტერესებს, როდესაც იქ თავისი ჯარის გაგზავნა ეზარებოდათ. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. საკუთარი ჯარისკაცის გაგზავნა ათჯერ ძვირი უჯდებათ და ამიტომ ქართველი ჯარისკაცის გაგზავნა უღირდათ“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.