ახალი ამბები

“რუსეთისთვის კორუმპირებული და არალეგიტიმური ხელისუფლება არის საჩუქარი” – გიორგი გახარია

პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, “ქართული ოცნების” ქმედებების შედეგად აფხაზეთში ანექსიური პროცესები დამძიმდა, ამის გამოსახულება იყო ჟენევის მოლაპარაკებებიც და ისიც, რაც 16 ნოემბერს აფხაზეთში მშენებლობებთან დაკავშირებით კანონის მიღების შედეგად მოხდება.

“ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს სამართლებრივი და მორალური ბაზისი შეუქმნა იმ ქმედებებს, რასაც რუსეთი ახორციელებს აფხაზეთში. ეს იყო, ბოდიში, რომელიც რუსეთის საგარეოს განცხადებაში გამოყენებულია იმის დასადასტურებლად რომ ომი დაიწყო საქართველომ. შემდგომ პრემიერის მიერ დაბრალება, რომ ომი დაიწყო საქართველომ და გაასამართლებენ ომის დამნაშავეებს. ამის შემდგომ კამპანია, რომ დასავლელი პარტნიორები გვთხოვენ ახალი, მეორე ფრონტის გახსნას რუსეთის წინააღმდეგ, აფხაზეთის და სამაჩაბლოს გავლით.

ამ ყველაფერს რუსეთის ფედერაცია მიჰყავს შემდეგ დასკვნებამდე: თქვენ არ გაქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა; გაქვთ 72-ე პუნქტი კონსტიტუციაში; თქვენ თვითონ აღიარებთ, რომ ომი დაიწყეთ თქვენ; თქვენმა ხელისუფლებამ უნდა მოიხადოს ბოდიში; გაძალებენ მეორე ფრონტის გახსნას; ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც იღვწიან ომის დასაწყებად. – ამ ყველაფრის შედეგად რუსეთი საქართველოსგან ოფიციალურად ითხოვს აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან საზღვრების დელიმიტაციას, ოფიციალურად ითხოვს ცეცხლის არ განახლების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ფაქტობრივად აღიარების პროცესის დაწყება, თავი რომ დავანებოთ ანექსიური პროცესების უმძიმეს სახეს, რომელიც აფხაზეთში ხდება.

უნდა გვესმოდეს, რომ “ოცნება”, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გვპირდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა, უზარმაზარი რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის მთლიანობა და სუვერენიტეტი.

ივანიშვილს არანაირი რესურსი არ აქვს რომ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით რაიმე შეთანხმებას და პროგრესს მიაღწიოს ქვეყნის მთლიანობის აღსადგენად. ერთადერთი რაც “ოცნებას” და ივანიშვილს გააჩნია ესაა, რომ რაც შეიძლება მეტი რუსული შავი ფული იშოვონ. რუსეთის ფედერაციისთვის კორუმპირებული, სუსტი და არალეგიტიმური ხელისუფლება არის საჩუქარი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი უკმაყოფილოა იმით, რომ ოცნებამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ აიღო და ფაქტობრივი ანექსია დაიწყო. “- განაცხადა გახარიამ.

იტვირთბა....