ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს იმ ქვეყნისა, რომელსაც აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის სხინასმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
26 ოქტომბერს 2 მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ახალი პარლამენტის ასარჩევად მისცა ხმა. სამწუხაროდ, ეს არჩევნები გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით. დარღვევები აღინიშნებოდა, როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, საარჩევნო დღეს.
მინდა ამ დებატების შესაძლებლობა გამოვიყენო, უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ ჩვენი გულწრფელი მადლობა გამოვხატოთ ამ პარლამენტის მიმართ, რომლის 7 ევროპარლამენტარისგან შემდგარი დელეგაცია ხუთ ქვეყანას, ხუთ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენდა და არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობდა. თქვენმა დელეგაციამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვცა დაშინების კლიმატისა და ზეწოლის შესახებ, რომელიც საარჩევნო პროცესში აღინიშნებოდა.
საშუალება მომეცით თავიდანვე ეს ხმამაღლა და ცხადად ვთქვა: ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან. მმართველმა პარტიამ ისარგებლა უთანასწორო “სათამაშო ველით”, მან გამოიყენა მისი მნიშვნელოვანი რესურსები და ომის შიში, როდესაც საკუთარ თავს ერთადერთ პოლიტიკურ ძალად წარმოაჩენდა, რომელსაც “მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა” შეუძლია”, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.