ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დაასახელა რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც ახალ ადმინისტრაციაში თანამდებობებს დაიკავებენ.
CNN-ის ინფორმაციით, ტრამპმა Fox News-ის წამყვანი და არმიის ვეტერანი, პიტ ჰეგსეთი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაასახელა. ჰეგსეთს სამხედრო სამსახურში ყოფნის დიდი ხნის გამოცდილება აქვს, ის ავღანეთისა და ერაყის მისიებშიც მსახურობდა.
რაც შეეხება ილონ მასკსა და ვივეკ რამასვას, დონალდ ტრამპის თქმით, „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს“ უხელმძღვანელებენ. დეპარტამენტის მუშაობა დასრულდება არაუგვიანეს 2026 წლის 4 ივლისისა. ილონ მასკის თქმით, ახალი დეპარტამენტი შოკისმომგვრელი იქნება იმათთვის, ვინც ჩართულია სამთავრობო რესურსების გაფლანგვაში.
რაც შეეხება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, ამ თანამდებობაზე ამერიკის პრეზიდენტმა კონგრესმენი მაიკ უოლცი დაასახელა. ტრამპის თქმით, ეს უკანასკნელი არის “ექსპერტი ჩინეთის, რუსეთის, ირანისა და გლობალური ტერორიზმის მხრიდან მომავალი საფრთხეების საკითხში”. მაიკ უოლცი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში – წარმომადგენელთა პალატაში – ფლორიდის შტატს წარმომადგენს და პირველი “მწვანე ბერეტია” (მსახურობდა ამერიკული არმიის სპეციალური დანიშნულების ძალებში), ვინც ამერიკის კონგრესში იქნა არჩეული.
ცნობილი გახდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მომავალი დირექტორის ვინაობაც. დონალდ ტრამპი ამ თანამდებობაზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილ წევრს, „რესპუბლიკელ“ ჯონ რეტკლიფს წარადგენს. ის დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის ბოლოს, 2020 წლის მაისიდან 2021 წლის იანვრამდე აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
დონალდ ტრამპის ცნობით, ისრაელში აშშ-ის ელჩის პოსტზე არკანზასის ყოფილ გუბერნატორს მაიკ ჰაკაბის წარადგენს.