დღეს, 13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმის ფარულობაზე სარჩელებს განიხილავენ.
სარჩელები შეიტანეს პარტიამ „ლელო საქართველოსთვის” და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა”. „ლელოს” თორნიკე ართქმელაძე წარმოადგენს, „ერთიანობას” – თამარ კორძაია. მოპასუხე სამივე შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისიაა.
საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმებისა და ამ შედეგების ბათილად ცნობაზე სარჩელი შეიტანა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”.
ოპოზიცია მოითხოვს მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას. ანუ, მათი მოთხოვნაა, მოსამართლემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაავალდებულოს, სხდომაზე მოიტანოს როგორც ხმის მთვლელი აპარატი, ასევე, ბიულეტენები და მარკერი, რომლითაც ამომრჩევლები არჩევნების დღეს ხმას აძლევდნენ და აფერადებდნენ ბიულეტენებს.
ისინი ასევე მოითხოვენ, გამოიკითხონ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები დარღვევების შესახებ.
ასევე, ითხოვენ იმ აუდიტის ექსპერტის გამოკითხვას, ვინც ხმის მიცემის აპარატებზე დასკვნები მოამზადა.
თამარ კორძაიას თქმით, ჯამში საქმე ეხება სულ მცირე, 56 მოწმეს.
ოპოზიციის და საიას საქმეები ცალ-ცალკე, სხვადასხვა მოსამართლეს უნდა განეხილა. თუმცა, საქმეები გაერთიანდა. საქმეების გაერთიანებულ განხილვამდე გამოცხადდა 1-საათიანი შესვენება.