აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ძალებმა იემენში „ჰუსიტების“ იარაღის საწყობი დაბომბა. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
„ამ ობიექტებში სხვადასხვა ტიპის თანამედროვე იარაღი ინახებოდა, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტები“ ამერიკულ და საერთაშორისო სამხედრო და სამოქალაქო გემებზე წითელი ზღვის და ადენის ყურის საერთაშორისო წყლებში თავდასხმებისთვის იყენებდნენ“, – განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა.
საჰაერო იერიშში მონაწილეობდნენ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო და საზღვაო ძალები, მათ შორის F-35 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები. „როგორც მოისმინეთ, ჩვენ გავაგრძელებთ „ჰუსიტებისთვის“ იმის თქმას, რომ მათი უკანონო და გაუაზრებელი თავდასხმები პასუხგაუცემელი არ დარჩება“, – დასძინა რაიდერმა.