საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე გამოწვევების შესახებ პარტნიორებთან ერთად ბაქოში მსჯელობს. დღეს ლიდერთა სამიტზე ლიდერები ირაკლი კობახიძეს მოუსმენენ.
მდგრადი მომავლისთვის საქართველო მზად არის, მსოფლიო ლიდერებთან ერთად იმუშაოს იმაზე, რომ კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული საფრთხე თავიდან აიცილოს – ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დღეს ირაკლი კობახიძე ყურადღებას სიტყვით გამოსვლისას გაამახვილებს. ასევე ისაუბრებს განახლებად ენერგიაზე, ემისიების შემცირებასა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისა და ევროპისთვის.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაშიც, სადაც სიტყვით გამოსვლისას იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველო დგამს კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად.