კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით, განცხადებები დაწერეს.
მათი თქმით, ისინი ჩახსნიან სიებსაც, თუმცა, ეს მოხდება კანონით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ.
“საკუთარი ხელით ვწერ მანდატის დატოვების შესახებ განცხადებას“, -ამბობს ირაკლი კუპრაძე ვიდეოში, რომელიც კოალიციის გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
“რამდენჯერაც ამირჩევენ, იმდენჯერ ვიტყვი უარს, ასეთი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული“, – ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს მიმართავენ, „არ გატარდეს სია რეგისტრაციაში და უფლებამოსილების საკითხი არ გადასცეს პარლამენტს განსახილველადაც კი“.
ოპოზიციის განცხადებიდან რამდენიმე საათში, ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსმა თქვა, რომ კანონმდებლობა უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს.