ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარეობს რუსეთთან კაბალური ე.წ. “საინვესტიციო შეთანხმების” რატიფიცირების პროცესი, რასაც ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან.
გუშინ ღამით გუდაუთაში შეხვედრიდან დაბრუნებული ე.წ. ოპოზიციონერები დააკავეს: ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია.
ისინი ე.წ. უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს, სადაც შეიკრიბა “დაკავებულთა” ნათესავები და ე.წ. ოპოზიციონერები.
სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა. შეკრებილებმა გადაწყვიტეს ქალაქის ცენტრში გადანაცვლება, სადაც მოგვიანებით, გუმისთას ხიდი გადაკეტეს.
რა პროცესები მიმდინარეობს ოკუპირებულ აფხაზეთში და როგორ განვითარდება მოვლენები? – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მეტრონომი” კონფლიქტოლოგ, პააატა ზაქარეიშვილს ესაუბრა
• რა პროცესები მიმდინარეობს ახლა აფხაზეთში ?
საზოგადოებისთვის მიუღებელია რუსეთის ანექსია. ეკონომიკის შეფასებით აშკარად ჩანს, რომ რუსეთს სურს ხელში ჩაიგდოს აფხაზეთის მთელი ეკონომიკა, გაანადგუროს ბიზნესკლასი, რომელიც სუსტად, მაგრამ მაინც არსებობს. სრულად სურს აფხაზური ოლიგარქია ჩაანაცვლოს რუსულით. სწორედ ამის წინააღმდეგ გამოვიდა ხალხი.
პარასკევს ჩანიშნულია რატიფიკაცია შეთანხმებისა, რომელიც რუსეთს აძლევს სრულ თავისუფლებას განახორციელონ თავიანთი ეკონომიკური ინტერესები აფხაზეთის ტერიტორიაზე და ამან გამოიწვია ვნებათაღელვა. ყველაზე აქტიური აქტივისტების დაპატიმრებამ კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება და ნავთი დაასხა ცეცხლზე. სრულიად უგუნური გადაწყვეტილება იყო ეს პარლამენტის, რადგან ახლა უფრო მეტი ადამიანი მივა პარლამენტთან და მეტი გააპროტესტებს.
• რა შედეგებით შესაძლოა დასრულდეს ეს დაპირისპირება?
შესაძლოა პარლამენტმა რატიფიკაცია გადაიტანოს, ან საერთოდაც უარი თქვას. არის საფრთხე რევოლუციის, ხალხი შეიჭრება პარლამენტში და იქ უბედურება დატრიალდება.
• უნდა ველოდოთ თუ არა მოვლენების უფრო გამწვავებას?
შესაძლოა გრძელვადიან, დაუმორჩილებლობის პროტესტში გადაიზარდოს. მაგალითად, მომიტინგეებმა ძალიან ეფექტურად მოახერხეს სოხუმის ბლოკირება, ჩაკეტეს ხიდები, არავის უშვებენ შიგნით და არც გარეთ. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას არ ჰყავს იმდენი ძალა, რომ ყველას გაუსწორდეს.
მარტში არჩევნები მოდის, მაგრამ უტყუარი ხმები ამბობენ, რომ შეიძლება იანვარში გადმოიტანონ. ხელისუფლება აპირებს ტარიფები გაზარდოს ელექტროენერგიაზე იმ პერიოდისთვის ენერგეტიკული კრიზისი იქნება და უშუქობა. თუ ასე მოხდება მაშინ მთელი ეს მუხტი არჩევნებში გამოჩნდეს და არსებულმა ხელისუფლებამ წააგოს და დატოვოს პოსტი.
ავტორი:სალომე ჩარკვიანი