8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ამ თარიღის აღსანიშნად, მწერლის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო სივრცეში ჯამში 1050-ზე მეტი დოკუმენტია წარმოდგენილი და გამოფენილი საარქივო მასალის შესახებ მნახველებისთვის 30-40 წუთიანი ექსკურსიებიც ტარდება.
„კვირეულის ფარგლებში, 8-14 ნოემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ილია ჭავჭავაძის პირადი საარქივო მასალის გამოფენა იმართება. ერთი კვირის განმავლობაში საჯარო სკოლების მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიის, მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ საარქივო ფონდს.
ექსპოზიციაზე პირველ საგამოფენო ბლოკად გამოყოფილია ბიოგრაფიული მასალა და პირადი ნივთები, მათ შორის, საზღვარგარეთის პასპორტი, ორგანიზაციების წევრობის ამსახველი დოკუმენტაცია, სადარბაზო ბარათები და ტყავის საფულე.
მეორე ბლოკად ერთიანდება – ლექსები, მოთხრობები, პუბლიცისტური წერილები და ხაზგასმულია ილია ჭავჭავაძის შემოქმედებითი მუშაობის თავისებურებები. კერძოდ, დამთვალიერებლებს აქვთ საშუალება, მიიღონ ინფორმაცია თუ რამდენჯერ გადაწერა ილია ჭავჭავაძემ კონკრეტული ლექსი, რას ცვლიდა ,როგორ ამუშავებდა, როგორი იყო სათაურების პირველი ვარიანტები და როგორ იქმნებოდა საბოლოო ვერსია.
ცალკე, მესამე ბლოკად გამოყოფილია ილია ჭავჭავაძის უბის წიგნაკები და პირადი ჩანაწერები, ხოლო მეოთხე ბლოკში შეტანილია მისი პირადი მიმოწერები.
ამასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის თანამშრომლობის შედეგად, 8-14 ნოემბერს თბილისის მუნიციპალური „მუზეუმების გაერთიანება“ სრულიად უსასყიდლოდ უმასპინძლებს სკოლის მოსწავლეებს.
მუზეუმების გაერთიანება 9 დამოუკიდებელ მუზეუმს, მათ შორის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს აერთიანებს.
მუზეუმებში მუდმივად ტარდება სხვადასხვა სახის თემატური საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც თეორიულ ნაწილთან ერთად, ვიზიტორებს პრაქტიკულ გაკვეთილებსაც სთავაზობს“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
იტვირთბა....