30 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო პროკურატურაში დაიბარეს. ორი დღით ადრე, 28 ოქტომბერს, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ექსპრემიერმა და ექსპრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა პლატფორმაზე X-ზე გამოაქვეყნა მიმართვა, და თქვა, რომ ზურაბიშვილმა უარი თქვა ეღიარებინა არჩევნების შედეგები და წავიდა კონსტიტუციის წინააღმდეგ, გადატრიალების მოწოდებით. ასეთ შემთხვევებში სტანდარტული პრაქტიკა კი მისი თანამდებობიდან გადაყენება და დაკავება იქნებოდა.
იყო თუ არა მედვედევის განცხადება პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარებასთან კავშირში? – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მეტრონომი” პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა.
• პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით გვაინტერესებს თქვენი აზრი. შესაძლებელია თუ არა ზურაბიშვილის მიმართ დაიწყოს სამართლებრივი დევნა?
ამ ეტაპზე, სანამ ზურაბიშვილი პრეზიდენტია სამართლებრივი დევნა ვერ დაიწყება, რადგან საერთო-სამართლებრივი დევნის განსახორციელებლად აუცილებელია საქმე აღძრას პარლამენტართა არანაკლებ 1/3-მა. თუ ისინი თვლიან, რომ პრეზიდენტმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული მაშინ მიმართავენ უზენაეს სასამართლოს, შემდეგ საქმე ეგზავნება კვლავ პარლამენტს და 3/4-მა უნდა დაუჭიროს მხარი იმპიჩმენტის პროცედურასა და იმუნიტეტის მოხსნას.
აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარებას უფრო გააჩნია საინფორმაციო პოლიტიკური ხასიათი. ქართული ოცნება აწარმოებს ოპოზიციის წინააღმდეგ საინფორმაციო ომს. ძალიან კარგად იცოდნენ, სალომე არ მივიდოდა გამოკითხვაზე და უნდათ ხალხს აჩვენონ თითქოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და აქვს დოკუმენტები ამ ყველაფრის დამადასტურებელი, მაგრამ პროკურატურაში რადგან არ მიდის, ესე იგი ეს სამხილები სინამდვილეში არ გააჩნია და ეშინია.
ზურაბიშვილის დაბარების კიდევ ერთი მიზანი არის, რომ შეიქმნას იმიტაცია თითქოს პროკურატურა რეაგირებს როგორც მთავრობის ისე ოპოზიციის განცხადებებზე.
დიდი ალბათობით პროკურატურა არ განახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას, ის განაცხადებს, რომ რეალური ფაქტები არ არსებობს. ამ ყველაფრის მიზეზი გახლავთ ის, რომ პროკურატურა, როგორც სასამართლო სისტემა, დღეს არის ხელისუფლების კონტროლ ქვეშ და დამოუკიდებელ სტრუქტურას, სამწუხაროდ, არ წარმოადგენს.
• პროკურატურამ პრეზიდენტი მედვედევის განცხადების შემდეგ მალევე დაიბარა გამოკითხვაზე – შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთის დაკვეთით დაიბარეს ?
დიახ, მე მგონია, რომ ეს ყველაფერი კავშირშია. ხშირ შემთხვევაში გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი განვაცხადოთ, ქართული ოცნება რუსეთის დავალებით მოქმედებს. თუნდაც ოპოზიციის გაუქმებასთან დაკავშირებული განცხადებები, 2008 წლის ომის საქართველოს მიერ დაწყება დასავლეთის მხარდაჭერით, ანუ რუსეთს საერთოდ არ ახსენებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება თამაშობს რუსულ თამაშს, აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით მედვედევის განცხადება და შემდგომ პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარება ერთმანეთს ემთხვევა. ამით მთავრობა და პროკურატურა ახდენს რაღაც იმიტაციას, იმის, რომ, აი, რასაც გვეუბნებით ვაკეთებთ. ამ დროს რეალურად ჩანს მართლა ვინ ერევა საქართველოს საქმეებში, როცა ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ისინი სუვერენიტეტს იცავენ.
რა უფლება აქვს მედვედევს, განაცხადოს სხვა ქვეყნის პრეზიდენტს ჩასვამენ ციხეში თუ არა? რუსეთს ჩვენზე დიდი უფლებები არ აქვს, მაგრამ აქ საუბარია ხელისუფლების ქმედებებზე და მათ რეაქციაზე.
ავტორი: სალომე ჩარკვიანი