საქართველოს პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში 26 ოქტომბრის არჩევნებში დარღვევებსა და შედეგების გაყალბებაზე დეტალურად ისაუბრა. კრისტიან ამანპურთან პირდაპირ ჩართვაში სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე მხოლოდ საკუთარ ინტერესებს იცავს, მისი პარტია კი მიზანმიმართულად ეწევა ევროინტეგრაციის საბოტაჟს.
“მტკიცებულება არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის 70% მხარს უჭერს ევროპულ გზას და ევროინტეგრაციას, მოულოდნელად კი აღმოჩნდა, რომ ერთ არჩევნებში ყველაფერი შეიცვალა. საქმე ისაა, რომ ამ არჩევნებში ყველა სახის გაყალბების მეთოდი იქნა გამოყენებული, განსაკუთრებით ახალი, ელექტრონული ხმის მიცემის პირობებში, სადაც დამტკიცდა, რომ გამოყენებულ იქნა ერთი და იმავე ადამიანების პირადობის მოწმობები შვიდჯერ, ათჯერ, ჩვიდმეტჯერ. ახლა მიმდინარეობს იმის დამტკიცების პროცესი, რომ ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი. ჩვენ ადრეც გვინახავს საქართველოში დარღვევები, მაგრამ ასეთი მასშტაბების დარღვევები უპრეცედენტოა.”
“ჩემი პირადი მომავალი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც საქართველოს მომავალია და ჩვენი პარტნიორები, ამერიკელებიც და ევროპელებიც, ჩემს მომავალზე მეტად ამაზე უნდა ღელავდნენ”, – ასე პასუხობს სალომე ზურაბიშვილი CNN-ის ჟურნალისტის კრისტიან ამანპურის რეპლიკას, რომ “ქართული ოცნების” გამარჯვების შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა პრეზიდენტი ხელისუფლების სამიზნე გახდეს.
“მე არ ვდარდობ საკუთარ თავზე, მე ვდარდობ მთელ ქვეყანაზე, რა მოხდება თუ ყველაფერი “ქართული ოცნების” ხელში აღმოჩნდება. მათ თქვეს წინასაარჩევნო კამპანიისას, რომ ყველას ციხეში ჩასვამენ, რომ გააუქმებენ ოპოზიციურ პარტიებს, რომ სრულად მოახდენენ “აგენტების კანონის” იმპლემენტაციას, რომელიც ზღუდავს არა მხოლოდ NGO-ებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობენ, არამედ ასევე ჰუმანიტარულ ორგანიზაციებსაც. კანონი ასევე გააკონტროლებს ჩვენი ემიგრანტების გადმორიცხვებსაც. ეს იყო “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამა. ასე რომ, ჩემი პირადი მომავალი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც საქართველოს მომავალია და ჩვენი პარტნიორები, ამერიკელებიც და ევროპელებიც, ჩემს მომავალზე მეტად ამაზე უნდა ღელავდნენ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.