ნიკა გვარამიამ “კოალიცია ცვლილებისთვის” პროგრამის მთავარი მიმართულებები წარადგინა – გეგმა 4-4-4 – გულისხმობს სისტემურ ცვლილებებს და არამხოლოდ ხელისუფლების ჩანაცვლებას.
“მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი კამპანია 4-4-4. რას ნიშნავს ეს ოთხიანები – პირველ რიგში 4 არის ჩვენი საარჩევნო ნომერი ბიულეტენში.
მეორე – ჩვენ გვაქვს ცვლილებები ოთხ ველში, ოთხ სეგმენტში საზოგადოებრივი ცხოვრების. გვაქვს რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ცვლილება სხვა მიმართულებებითაც, მაგრამ ეს ოთხი არის მთავარი , რომელიც გვინდა გავაცნოთ ამომრჩევლებს, ვიდრე ისინი გავლენ ხმის მისაცემად.
მესამე ოთხიანი – ეს არის 4 დღე – 4 დღის შემდეგ კოალიციური მთავრობის შეკრებიდან და ახალი პარლამენტის დამტკიცებიდან, მე ამას კი არ ვუშვებ, მე ამაში დარწმუნებულ ვარ, რომ ივანიშვილი წავა და გვეყოლება კოალიციური მთავრობა – ჩვენი კოალიცია აპირებს წარადგინოს 4 სფეროს მთავარი ინიციატივები.
პირველი: ევროკავშირთან ინტეგრაცია – 4 დღის განმავლობაში, ჩვენ გპირდებით, რომ გაიხსნება ევროკავშირთან მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ეს გამომდინარეობს ქართული ქარტიიდან, საქართველოს ისტორიული არჩევანიდან და საქართველოს მოსახლეობის არჩევანიდან, ასევე, ეს გამომდინარეობს იმ სამუშაოდან და იმ განცხადებებიდან , რომელსაც ქართველები, პოლიტიკოსები თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვაწარმოებთ საერთაშორისო მიმართულებით და განსაკუთრებით ევროკავშირში. პირველ რიგში, ვგულისხმობ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც ბოლო თავისი განცხადებებით გვამცნო, რომ დაუყოვნებლივ იქნება აღდგენილი ევროკავშირთან ურთიერთობები და არათუ აღდგენილი, არამედ დაჩქარებული და წინ წასული, როგორც კი ბიძინა ივანიშვილი შეიცვლება.
დემოკრატიის სფერო – ვეყრდნობით ქართულ ქარტიას და აქაც მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის როლი არის წამყვანი. ჩვენ “კოალიცია ცვლილებისთვის” მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ინიციატივას, გათვალისწინებულს ქართული ქარტიით, უფრო სწორად, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართულ ქარტიას, რომლის სულისკვეთებასაც გამოხატავს საქართველოს პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის, მე ვიტყოდი , გარდამავალი ადმინისტრაციის შექმნასთან დაკავშირებით და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მხარს დავუჭერთ მის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს, იქნება ეს არჩევნებამდე, თუ არჩევნების შემდეგ.
დემოკრატიის საკითხები ასევე მოიცავს ქარტიით გათვალისწინებულ ვალდებულებას – ყველა რუსული კანონის გაუქმებას. ოთხ დღეში ჩვენ ამ ინიციატივას დავაყენებთ და ეს არ არის მხოლოდ ერთი რუსული კანონი, რომელზეც აქციები გაიმართა. ძალიან ბევრი რუსული კანონი იქნება მიღებული ამ თვეებისა და წლების განმავლობაში და ყველას გაუქმება არის უმნიშვნელოვანესი, თუ ჩვენ გვინდა ევროპასთან დაახლოება.
ასევე ეს არის სასამართლოს რეფორმით სვლა და ა.შ. ეს სავსებით შესაძლებელია პარლამენტის დაფუძნების და კოალიციური მთავრობის ფორმირებიდან 4 დღის განმავლობაში.
ჩვენ გვაქვს ხედვები ყველა ამ მიმართულებით, მათ შორის, სასამართლოს რეფორმის და ე.წ. კეთილსინდისიერების შემოწმების, ანუ ვეტინგის მიმართულებით, ჩვენ გპირდებით, რომ 4 დღეში წარმოვადგენთ ამ ინიციატივებს. ” აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
კიდევ ერთი სფერო ეკონომიკა – როგორც ნიკა გვარამიამ განმარტა, ამ ეტაპზე კოალიცია არარეალურ დაპირებებს არ გასცემს, თუმცა იმუშავებს იმისთვის რომ მოხდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც გააუმჯობესებს როგორც პენსიონერების მდგომარეობას და უზრუნველყოფს ფულის მასების შემოდინებას ქვეყანაში.
“ეკონომიკის მიმართულებით 4 დღეში ჩვენ ვაპირებთ შემდეგი ინიციატივების განხორციელებას: გადასახადების შემცირება – საშემოსავლო გადასახადის დაწევა 15%-მდე, მცირე ბიზნესისთვის, რომელიც 400 000 ლარზე ქვემოთ არის ბრუნვით დღგ-ს საერთოდ გაუქმებას და დღეს ეს თანხა 100 000-ზეა და ასევე, მოგების გადასახადის შემცირება 5%-მდე. ჩვენი გათვლებით, ეს შეეხება 4-დან 3-მ ბიზნესს საქართველოში, ანუ 75%-ს და ეს უმთავრესად არის საშუალო და მცირე მეწარმეები.” – ამბობს ნიკა გვარამია.
“კოალიცია ცვლილებისთვის” მიიჩნევს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის მთავარი დასაყრდენია სიღარიბის დაძლევაში, მათ შორის, ბიუჯეტის შევსების კუთხითაც.
“ჩვენ ვგეგმავთ მაქსიმუმ 4 წლის განმავლობაში ეკონომიკის გაორმაგებას – 160 მილიარდზე მეტი იქნება ეკონომიკა ჩვენი გეგმებს განხორციელების შემდეგ” – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
განათლება – მაქსიმუმ 2028 წლისთვის “კოალიცია ცვლილებისთვის” გეგმავს განათლების ბიუჯეტის სრულ შესაბამისობაში მოყვანას საშუალო ევროპულ სტანდარტთან, რაც მშპ-ს 5,3% -ია.
“მაქსიმუმ 2028 წლისთვის ჩვენ ვაპირებთ, რომ განათლების ბიუჯეტი არათუ მნიშვნელოვნად გაიზარდოს, არამედ საკმარისი გახდეს განათლების ყველა საფეხურის დაფინანსებისთვის – სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი განათლება.
ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ “ცოდნის ყულაბა” და ამის ინიციატივას, საკანონმდებლო რეგულაციას წარმოვადგენთ 4 დღის განმავლობაში ახალი მთავრობისა და პარლამენტის დაფუძნებიდან…
“ცოდნის ყულაბა” ნიშნავს მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის – დაწყებული ბაღიდან, დასრულებული უმაღლესი განათლებით- 5 000 ლარიან ყოველწლიურ დაფინანსებას თითოეული ბავშვისთვის, მოსწავლისთვის, სტუდენტისთვის.
ეს გააჩენს უამრავ ახალ კერძო სკოლას, გაამდიდრებს საჯარო სკოლებს, იქნება კონკურენცია, განვითარდება ეკონომიკაც, იმიტომ, რომ განათლება ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესია და მას აქვს უნარი ახეიროს ყველა თანმდევი ინდუსტრია.” აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, “ცოდნის ყულაბაში” დაგროვილი ფული მხოლოდ განათლებაში იქნება გამოყენებული.
“კოალიცია ცვლილებისთვის” განათლების სფეროს გეგმა გულისხმობს სრულ დაფინანსებას მათთვის, ვინც მსოფლიოს საუკეთესო 50 უნივერსიტეტში ჩაირიცხება. გარდა ამისა, ამოცანად სახელდება, 2028 წლამდე, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში უფასო სწავლება, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი შეწევნა.
რაც შეეხება კიდევ ერთ პრობლემურ საკითხს – საერთო სტუდენტურ საცხოვრებლებს. ნიკა გვარამიას თქმით, სტუდენტური კამპუსების პროგრამას დააფინანსებს ბიუჯეტი, თუმცა უნივერსიტეტებმაც თავიანთი მაღალი შემოსავლების ხარჯზე უნდა მოაგვარონ ეს პრობლემა.
“აუცილებლად ვიზრუნებთ მეცნიერებაზე. მაქსიმუმ 2028 წელს, მეცნიერების დაფინანსება უნდა ავიდეს 1 მილიარდ ლარზე. სადაც არ არის მეცნიერება, იქ უჭირს განათლებას, იქ არ არის ტექნოლოგიური განვითარება და საქართველო არის ქვეყანა, რომლის მომავალიც არის ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებში. ” აღნიშნა ნიკა გვარამიამ.