სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა – რა მიზანს ემსახურებოდა სუს-ის მიმართვა და არის თუ არა მოსახლეობაში შიშის დანერგვის მცდელობა? – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მეტრონომი” კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, სალომე სამადაშვილს ესაუბრა.
ოპოზიციონერის თქმით, არჩევნების წინ ფაბრიკაციის გავრცელება და ზოგადად საზოგადოებაზე საინფორმაციო ზემოქმედება რუსული პროპაგანდის ხერხები და “ქართული ოცნების” ხელწერაა.
- დღეს სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები არჩევნების წინა დღეებში ფალსიფიცირებული ვიდე და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ – რა კომენტარს გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით და რას ემსახურება ეს განცხადება ?
არჩევნების წინ ფაბრიკაციის გავრცელება და ზოგადად საზოგადოებაზე საინფორმაციო ზემოქმედება რუსული პროპაგანდის ხერხები და “ქართული ოცნების” ხელწერაა. ვერ გეტყვით, შესაძლოა თავად ემზადებიან მსგავსი საინფორმაციო ოპერაციის ჩასატარებლად ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ამიტომ წინსწრებით ავრცელებენ. გამოცდილება აჩვენებს, რომ რუსეთს სპეცსამსახურების მეთოდოლოგიით „ქართული ოცნება“ არაერთხელ არის შემჩნეული დამონტაჟებული ჩანაწერების გავრცელებით, ოპოზიციისთვის სხვადასხვა დანაშაულების დაბრალებით. ყველაფერი, რა თქმა უნდა, რჩება გამოუძიებელი და პასუხგაუცემელი – განაცხადა სამადაშვილმა.
- არის თუ არა სუს-ის განცხადება მოსახლეობაში შიშის დანერგვის მცდელობა?
სუსი რომ პოლიტიკური მართვის ორგანოა ამ ქვეყანაში, ეგ ყველამ იცის და ემსახურება რუსულ რეჟიმს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მომზადებული სცენარი. ჩვენ გვაფრთხილებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, აქამდეც ბევრჯერ გაგვაფრთხილეს, რომ ისინი შეეცდებიან ზეგავლენა მოახდინოს არჩევნებზე. ამიტომ ვთვლი, ეს არის მოსკოვის გეგმის ერთ-ერთი ნაწილი. – თქვა მან.
სუს-ის განცხადებას ასევე გამოეხმაურა “გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ნათია მეზვრიშვილი. მან აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” სუს-ის სახით მოსახლეობაში შიში დანერგვას ცდილობს.
სამწუხაროდ, სუს-ი უსაფრთხოების დაცვისა და კორუფციის გამოძიების უწყება აღარ არის დიდი ხანია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ეს უწყება იქცა ივანიშვილის მორიგ პროპაგანდისტულ ტელევიზიად “იმედთან“ და “პოსტ ტვთან“ ერთად, რომელიც, სამწუხაროდ, არჩევნებამდე დარჩენილი 10 დღის განმავლობაში სერიებად შემოგვთავაზებს სანახაობას. მრავალსერიანი სანახაობა იქნება იმიტომ, რომ ივანიშვილს რეალურად ახლა ძალიან უჭრის. დამარცხებულია “ოცნება“, გუშინ, ზუგდიდშიც ეს ყველაფერი მათ ღონისძიებაზე ძალიან კარგად ჩანდა. აღარ ჰყოფნით “იმედის“ და “პოსტ ტვ“-ის რესურსი, ტყუილების, დეზინფორმაციის და პროპაგანდის ტირაჟირებისთვის და ახლა გახსნა ახალი არხი სუს-ის სახით, რომ მოსახლეობაში შიში დანერგოს. ალბათ, ჰგონიათ, სუს-ის სახელით რომ გაავრცელებენ ტყუილებს, ხალხს შეეშინდება. ხალხმა შიში დიდი ხანია გადალახა, რაც მათი გარდაუვალი მარცხის საწინდარია 26 ოქტომბერს. ეს ყველაფერი მიმართულია არჩევნების გაყალბების მცდელობისკენ. ასეთი დაშინების ინსტრუმენტები მრავლად იქნება მომდევნო 10 დღის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს იმიტომ, რომ ეს ფილმი 2012 წელს ნანახი გვაქვს. იმავეს აკეთებდა სააკაშვილი, ყველას გვახსოვს რით დასრულდა. ნამდვილად აღარ არის სუს-ი საშიში, რომელიც “ოცნების“ პროპაგანდისტულ ტელევიზიად გადაიქცა. ამიტომ, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და 41 არ უნდა გავაფერადოთ“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას.