ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს პრეზიდენტობა – ამის შესახებ “მეტრონომთან” პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მან ჩვენთან საუბრისას ასევე შეაფასა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა დაწყების საკითხი და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მმართველი გუნდის აფექტურობაზე მეტყველებს.
1.რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის კიდევ ერთხელ დაწყება?
“თითქოს, პოლიტიკური ლოგიკა არ არსებობს ამ გადაწყვეტილებაში. ეს მეტყველებს ერთი მხრივ, მმართველი გუნდის აფექტურობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება ვერ ხვდებოდნენ, რომ ამით საჩუქარს უკეთებენ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას, რადგან ეს არის სისუსტის და ისტერიკის დემონსტრირება. პრაქტიკული პოლიტიკური ლოგიკა ამაში არ არსებობს,თუმცა სახელისუფლებო შიშების გარდა, მნიშვნელოვანია პირადი შიშებიც. ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პოლიტიკური იმუნიტეტი და ვფიქრობ, რომ ის განიხილავს პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად თავს. მაქვს ასეთი ხედვა, რომ ხელისუფლება და მისი ხელის ბიჭები ვითომ პოლიტიკურ ველს უსუფთავებენ, თუმცა ეს არანაირი ველის გასუფთავება არ არის” – აღნიშნა მან.
2. არის თუ არა ეს გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯი?
“წინასაარჩევნოდ ეს მომგებიანი არაა, პირიქით წამგებიანია მათთვის. მათ თუ ჰგონიათ, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურად რამეს იგებენ, მაშინ ძალიან ცუდად ჰქონიათ საქმე. გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა და მე ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს პრეზიდენტობა – ასეთი ფორმით მას უმტკიცებენ ერთგულებას” – ამბობს ანალიტიკოსი.
3. აშინებს თუ არა „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის აქტიურობა?
“რა თქმა უნდა, აშინებს, რადგან თუ ეს არჩევნები იქნება რეფერენდუმი, ამ არჩევნების მედროშე იქნება პრეზიდენტი ადამიანი, რომელსაც დარჩა ავტორიტეტი, რამდენადაც ხელისუფლებას ხელსაც აღარავინ ართმევს და ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ ურთიერთობა შეწყვიტეს მათთან. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც აქვს საერთაშორისო ავტორიტეტი პრეზიდენტია და რა თქმა უნდა, ეშინიათ მისი” – განაცხადა ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, მმართველი პარტია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კვლავ უცხოეთში უნებართვო ვიზიტებია.
მისი თქმით, ახალი კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.