ბიზნესი მთავარი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადება „მეტრონომში“ გამოქვეყნებული სტატიის საპასუხოდ

 

“მეტრონომმა” რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ვახტანგ აბაშიძის ქონებრივ მდგომარეობას ეხებოდა. ჩვენს სტატიას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ. ამასთან, გვსურს აღვნიშნოთ, მიუხედავად იმისა, ვეთანმებით თუ არა ამა თუ იმ პოზიციას, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერი მხარის პოზიცია გავაშუქოთ მიუკერძოებლად.

“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საინფორმაციო სააგენტო „მეტრონომის“ გვერდზე 2016 წლის 30 მარტს გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ეხმიანება, სახელოწოდებით: „ხელფასი 190 963 ლარი: ბიუჯეტიდან დაფინანსებული ყველაზე მაღალანაზღაურებადი პერსონა საქართველოში“.

გვინდა განვმარტოთ, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არის მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი კოლეგიალური ორგანო, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო უწყებას. კომისიის სამართლებრივი სტატუსი, მათ შორის დაფინანსების წყაროები განისაზღვრება „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, „რეგულირების საფასურის შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებით.

კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის წინაშე და ხელისუფლების სამივე შტოს წარუდგენს თავისი საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს. კომისია არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ ექვემდებარება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. კომისიის შემოსავლის წყარო ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ გადახდილი რეგულირების საფასურია, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების წლიური შემოსავლის 0.75% შეადგენს, ხოლო მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების წლიური შემოსავლის 0.5 %-ს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვმული კომისია შეიქმნა 2000 წლის 1 ივლისს, კომისიის არსებობის თექვსმეტი წლის მანძილზე კომისიის წევრის თანამდებობრივი სარგო არ შეცვლილა.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება, კომისიის ბიუჯეტი გამჭვირვალეა და დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge).

რაც შეეხებეა სახელმწიფო ბიუჯეტს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული მაუწყებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროების ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელები არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, კერძოდ 2014 წლის ანგარიშის თანახმად, ამ დარგის შენატანებმა სახელმწიფო ბიუჯეტში 301,111,601.66 ლარი შეადგინა, ხოლო 2015 წელს, კომისიის ვარაუდით, აღნიშნული მაჩვენებელი ნახევალ მილიარდი ლარი იქნება.

შესაბამისად, გთხოვთ გამოაქვეყნოთ კომისიის პოზიცია, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა”.

 

 

იტვირთბა....