„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება.
აღნიშნულის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ ინფორმაციას „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
„ანტიკორუფციულმა ბიურომ 4 ოქტომბერს ოფიციალურად გვაცნობა, რომ მისმა უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა გააუქმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და მისი აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ. შესაბამისად, ორგანიზაციას და მის დირექტორს მოხსნილი აქვთ სტატუსი, რაც ხელს უშლიდა არჩევნების დაკვირვებას.
ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა ყველა ის ვალდებულება, რომელიც სპეციალური სტატუსიდან გამომდინარე უკანონოდ დაგვეკისრა.
უკანონო გადაწყვეტილების უკან წაღების შემდეგ, ვაგრძელებთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” სახელით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.