ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ ისრაელზე სარაკეტო დარტყმა ირანის ინტერესებისა და მოქალაქეების დაცვის მიზნით განხორციელდა.
„ეს ქმედება განხორციელდა ირანის ინტერესებისა და მოქალაქეების დასაცავად. ნეთანიაჰუმ უნდა იცოდეს, რომ ირანი არ არის მეომარი მხარე, მაგრამ ის მტკიცედ დგას ყოველგვარი საფრთხის წინააღმდეგ. არ შეხვიდეთ კონფლიქტში ირანთან“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
ისრაელის თავდაცვით ძალებში განაცხადეს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. როგორც ისრაელის არმიაში აღნიშნეს, საჰაერო თავდაცვამ რაკეტების დიდი ნაწილი გაანეიტრალა. თავის მხრივ, თელ-ავივი აცხადებს, რომ თეირანის თავდასხმას ისრაელის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვება.
განცხადება გაავრცელა “ისლამური რევოლუციის გუშაგთა” კორპუსმაც, სადაც ნათქვამია, რომ, ისრაელის საპასუხო ქმედებების შემთხვევაში, თეირანის რეაგირება უფრო გამანადგურებელი იქნება.
ბაიდენის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც შეერთებული შტატები ისრაელს სამხედრო დახმარებას ჰპირდება.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში განაცხადეს, რომ ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობის საპასუხოდ განხორციელდა.