ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, „ქართული ოცნების“ კოალიციამ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა – “ოცნების“ 12-წლიანი მმართველობის შედეგებს “მეტრონომთან” პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი აჯამებს.
პარლამენტის ყოფილი დეპუტატის თქმით, ხელისუფლება ერთპიროვნულ მმართველობაზეა გადასული და ის უკვე მთლიანად იმართება ერთი ადამიანის ბიზნეს ინტერესების, მისი კონსპირაციების თეორებით.
1. 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი უნდა შეფასდეს თუ არა დადებით მოვლენად?
2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შედგა, რომელშიც გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კოალიციამ. თავისთავად ხელისფლების შეცვლა არჩევნების გზით და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ცვლილება, რომელიც პრაქტიკულად ჩამოყალიბებული იყო, როგორც ავტორიტარული მმართველობა , რომელსაც უკვე ამოწურული ჰქონდა პოზიტიური რესურსი, იყო კარგი და დადებითი მოვლენა. ის ფაქტი კი , რომ ხელისუფლებაში მოვიდა კოალიცია და არა ერთი პოლიტიკური ძალა იყო კარგი, შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები ეს სხვა თემაა. ეს პროცესი მაშინ აუცილებელიც კი იყო, რადგან სხვა შემთხვევაში ან სააკაშვილის ხელისუფლება გადაგვარდებოდა, იმდენად რომ დიდი კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებოდით ,ან მაინც მოვიდოდა იგივე ხელისუფლება, იგივე ბიძინა ივანიშვილი, ოღონდ გაცილებით უარესი სასტარტო პოზიციებით.
2. რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა 12 წლის შემდეგ?
ეგზისტენციალური არსებობის საკითხი დადგა იმიტომ რომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ საერთოდ უარი თქვა პირველი ოთხი წლის შემდეგ კოალიციურობის პრინციპზე და გადავიდა მთლიანად ერთპარტიულ მმართველობაზე, ახლა კი პრაქტიკულად ერთპარტიულ კიარა ერთპიროვნულ მმართველობაზეა. ის უკვე მთლიანად იმართება ერთი ადამიანის ბიზნეს ინტერესების, მისი კონსპირაციების თეორებით, მისი ფანტაზიისა და შიშების ნაყოფით. ფაქტობრივად ქვეყანა ამ 12 წლიანმა დეგრადაციამ და ხელისუფლებამ მიიყვანა კატასტროფის პირას, თან ეს იმ დროს, როდესაც ასე ფართოდაა გახსნილი ჩვენთვის ევროკავშირის კარი და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი არის რეალური. სამწუხაროდ, აქ უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებაში მოსული კოალიციის სხვა პარტნიორებს , სხვა პარტიებს, რომლებიც მოვიდნენ ხელისუფლებაში 2012 წლის შემდეგ არ აღმოაჩნდათ უნარი წინ აღდგომოდნენ ამ დეგრადაციას და ერთპარტიული მმართველობის ასეთ მახინჯ ფორმამდე მისვლას.