ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსეთში ქართველ ჯარისკაცს ასამართლებენ, რომელიც 2023 წელს ჩავარდა ტყვედ უკრაინაში

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრა 785 უცხოელს, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს. მათ შორისაა ქართველი ჯარისკაცი გიორგი გოგლიძე, რომელიც მედიის ცნობით 2023 წელს ჩავარდა ტყვედ რუსეთის მიერ ანექსირებულ ლუგანსკის ოლქში.

რუსული პროპაგანდისტული მედია წერს, რომ ქართველი ჯარისკაცის წინააღმდეგ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე საბრალდებო დასკვნის დასამტკიცებლად და შემდგომ სასამართლოში გადასაცემად პროკურორს გადაეგზავნა:

„სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა 785 უცხოელ დაქირავებულს, რომლებიც ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. ამდენად, საბრალდებო დასკვნის დასამტკიცებლად და შემდგომ სასამართლოსთვის გადასაცემად, საქართველოს მოქალაქე გიორგი გოგლიძის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, „2023 წლის აპრილში გიორგი გოგლიძე ჩავიდა უკრაინის ლვოვის რეგიონში, სადაც გაიარა სპეციალური სამხედრო მომზადება, შემდეგ კი გაგზავნეს სლავიანსკში, სადაც მონაწილეობა მიიღო საომარ მოქმედებებში“.

2023 წლის ნოემბერში მედია წერდა, რომ გიორგისთან ერთად რუსებმა ტყვედ ჩაიგდეს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი ჩუბითიძე. იმავე პერიოდში რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ, ტყვედ ჩავარდნილი გიორგი გოგლიძის და მასთან ერთად გიოგრი ჩუბითიძის დაკითხვის ვიდეოს. ვიდეოში გიორგი გოგლიძე დიდი ალბათობით, დაწერილ ტექსტს კითხულობს.

უცხოელ მოხალისეთა ლეგიონი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური შენაერთია, მაგრამ რუსეთი ქართველ სამხედრო ტყვეებს სპეციალურად წარმოაჩენს და ასამართლებს „დაქირავებულების“ სტატუსით.

პროპაგანდისტული მედია „სპუტნიკი“ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ შეაგროვეს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს გოგლიძის მონაწილეობას დანაშაულში და დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

იტვირთბა....