არჩევნები ახალი ამბები მთავარი

ემიგრანტებისთვის დამატებითი საარჩევნო უბნები არ გაიხსნება – ცესკოს გადაწყვეტილება

საზღვარგარეთ, 42 ქვეყანაში, მხოლოდ 60 საარჩევნო უბანი გაიხსნება – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას მხარი არ დაუჭირა.

“მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩართული მხარე აქტიურად ცდილობდა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხის სამართლებრივიდან პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ცესკომ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები 42 ქვეყანაში შექმნა. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მათ შორის, საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებში, სადაც არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არც ერთ წინა არჩევნებზე. ” განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, ეს ქვეყნებია – არაბთა გაერთიანებული საემიროები, ფინეთი, კორეა, იაპონია, ავსტრალია.

კენჭისყრის შემდეგ, ცესკოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ, ცესკოში “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელმა ანა კობახიძემ და ცესკოში “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა დავით ჯინჯოლავამ, ცესკოს სხდომა დატოვეს და სპეციალური განცხადება გააკეთეს.

იტვირთბა....