აშშ-ის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გამოუყო, რომლის საერთო ღირებულება 375 მილიონ დოლარს შეადგენს. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
დახმარების ახალ პაკეტში შედის: „ხმელეთი – ჰაერის“ კლასის ჭურვები, HIMARS-ის ტიპის საარტილერიო ჭურვები, 155 და 105 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები, TOW ტიპის რაკეტები, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები Javelin და AT-4, შეჯავშნილი მანქანები M1117, ნაღმების, თავდასხმისა და ჩასაფრებისგან დაცული MRAP ტიპის ავტომობილები, მსუბუქი ტაქტიკური მანქანები, შეჯავშნილი სახიდე სისტემები, ცეცხლსასროლი იარაღი, საპატრულო კატარღები, განაღმვითი ტექნიკა და აღჭურვილობა, სათადარიგო ნაწილები, დამხმარე აღჭურვილობა.
პენტაგონში განმარტავენ, რომ ეს უკვე დახმარების 66 პაკეტია, რომელიც უკრაინას 2021 წლიდან მიეწოდება.
“შეერთებული შტატები გააგრძელებს თანამშრომლობას დაახლოებით 50 მოკავშირესა და პარტნიორთან უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში, რათა უკრაინა უზრუნველყოფილი იყოს სამხედრო პოტენციალით, მხარდაჭერით, რომელიც საჭიროა, რომ მან ომში გაიმარჯვოს“, – აღნიშნეს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში.