„მიუხედავად სახელმწიფო უწყებების ძალისხმევისა, დაანონსებული კადრების გავრცელების მცდელობა და მუქარა გრძელდება, საზოგადოება კი კარგავს უმძიმესი დანაშაულის სწრაფად და ეფექტურად გამოძიების იმედს.“- ეს განცხადება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა გააკეთა.
მისი თქმით, მოქალაქეები ავლენენ მაღალ თვითშეგნებას და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის მზაობას, საზოგადოება კი მკვეთრად და ხმამაღლა ამბობს, რომ სხვისი პირადი ცხოვრება მას არ ეხება და არ დაუშვებს პირადი ცხოვრებით შანტაჟს.
როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა განაცხადა, არსებული გამოწვევების დასაძლევად აუცილებელია კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რაც უზრუნველყოფს გამოძიების სისუსტეების სასწრაფოდ გაანალიზებას და ხარვეზების აღმოფხვრას, უცხოელი სპეციალისტების ჩართვას, პირადი ცხოვრების ხელყოფის შედეგად საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის მინიმუმამდე შემცირებას, რეფორმების გაგრძელებას სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურობის გაზრდისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისთვის.
ქალდანმა პრემიერმინისტრს და პარლამენტს მოუწოდა განსაზღვროს უწყება, ან ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ კომპლექსური გეგმის მომზადებასა და განხორციელებაზე.