“იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი…” – ამის შესახებ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს და კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება.
“მინდა მწუხარება გამოვხატო კესარია აბრამიძის შემზარავი მკვლელობის ფაქტის გამო! პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს და იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი.
ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების და საზოგადოების რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს, – წერს ლევან იოსელიანი.
ცნობილი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მოკლეს.
შსს–ის ინფორმაციით, კესარია აბრამიძე დანითაა მოკლული. მისი ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ნახეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდებული მისი მეგობარი მამაკაცია, კონფლიქტის მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო გახდა. სამართალდამცავები ბ.ჯ.-ს ყველგან ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.