ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

როგორ შეცვლის პოლიტიკურ რეალობას ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანება? – რას ამბობს “მეტრონომთან” გია ხუხაშვილი

როგორ შეცვლის პოლიტიკურ რეალობას კოალიცია – ძლიერი საქართველოსთვის და პარტია გახარია – საქართველოსთვის შესაძლო გაერთიანება? – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მეტრონომმა” ინტერვიუ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილთან ჩაწერა. მან პოზიტიურად შეაფასა გაერთიანების მცდელობა და განაცხადა, რომ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება უფრო გაუადვილდება.

ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებას როგორ შეაფასებდით ამ პროცესს?

პირადად მე პოზიტიურად და პერსპექტიულად შევაფასებ, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციურ ამომრჩეველს, რაც უფრო ნაკლები არჩევანი ექნება, მით უფრო გაუადვილდება არჩევანის გაკეთება.
გარდა ამისა, უნდა გითხრათ, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი ორ ძირითად სეგმენტად იყოფა: ეს არის ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული პარტიების ამომრჩეველი და ოპოზიციური ამომრჩეველი, რომელსაც არ მოსწონს არსებული ხელისუფლება და ამასთანავე, არც წარსულში დაბრუნების სურვილი არ აქვს. თუ ასეთი სახის ამომრჩეველზე იქნება კონსოლიდირებული ერთიანი, ცენტრალიზებული შეთავაზება – ეს გარკვეულ სიმეტრიას შექმნის კრიტიკულად განწყობილ ამომრჩეველში, ასე რომ მე მივესალმები ამ გაერთიანებას.

შეცვლის თუ არა პოლიტიკურ რეალობას და გადაიბირებს თუ არა ეს გაერთიანება ნეიტრალურად განწყობილ ამომრჩეველს?

გარკვეული სიმეტრია გაჩნდება. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც 1+1=3-ს და არა 4-ს. ასე, რომ ყველაფერი გასაგებია- გადაიბირებს ამომრჩეველს. რატომ? იმიტომ, რომ ამომრჩეველი არჩევანს აკეთებს არა იმის მიხედვით, ვინ მოსწონს, ან ვინ არა, არამედ უნდა დარწმუნდეს, რომ მის რჩეულ სუბიექტს აქვს ძალა, იმისა რომ დასახული ამოცანები გაატაროს ცხოვრებაში. ასეთი გაერთიანებები უკვე ძალის დემონსტრირებაც არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ანალიტიკოსმა პრეზიდენტის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის აქტიურობა გაერთიანებას გარკვეულ წონას შესძენს:

პრეზიდენტი არის კიდევ ერთი გამაზიარებელი ამ გაერთიანებების. პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციური შეზღუდვა და ამ პერსპექტიულ კოალიციაში ვერ შევა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ აქტიურობს და ხელს უწყობს გაერთიანებას, მისი დაკავშირება მოხდება ამ პროცესებთან, თუმცა ირიბი აფილირება და არა პირდაპირი, რაც ამ გაერთიანებას გარკვეულ წონას შესძენს – განაცხადა ხუხაშვილმა.

17 სექტემბრის საღამოს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია – ძლიერი საქართველოსთვის და პარტია გახარია – საქართველოსთვის ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა, რათა პარტიებს გაერთიანების საკითხზე ემსჯელათ.  

იტვირთბა....