„სამწუხარო სანახავია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძალდატანებული ხანუმობა ამ უნიჭო დრამატურგიაში, მაშინ როდესაც გათამაშებულია, თითქოს ფიქრობენ. გახარიას, ხაზარაძის და ზურაბიშვილის გარეშეც ყველაფერი გადაწყვეტილია. ისინი ძალიან მალე, როგორც ამას ჩვენ თვეების წინ ვაანონსებდით, გაუერთიანდებიან ერთმანეთს, თუმცა წაართმევენ იმ ცოტა ხმებსაც. რადგან ასეთი ეკლექტური, უაზრო და უპრინციპო გაერთიანება ქართველებისთვის მიუღებელია. როდესაც ხალხი ერთმანეთს დედას აგინებს და 5-10 წუთის წინ ერთმანეთს უკიდურეს შეურაცხყოფებს აყენებენ, შემდგომში მათი ერთობის პატარა ბავშვსაც არ სჯერა. გაერთიანდნენ, კი ბატონო. ისედაც ეს ორი ძალიან მძიმე ქვა იყო პოლიტიკურ ბადეში და ქვას რომ ქვა დაემატება, რა ფსკერზეც აღმოჩნდებიან, ამას ძალიან მალე, 26 ოქტომბერს ვნახავთ”, – განაცხადა ოდიშარია , პარტია “გახარია საქართველოსთვის” და კოალიცია “ძლიერი საქართველოს” შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას.
მისი თქმით, მსგავსი “ეკლექტური, უაზრო და უპრინციპო გაერთიანება ქართველებისთვის მიუღებელია.”
ამავე თემაზე საუბრისას ოდიშარიამ აღნიშნა, რომ სინამდვილეში არც გახარიას და არც ხაზარაძეს არ აინტერესებს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის არც პოზიცია და არც მოწოდება.
„პრეზიდენტის როლი არის გაცხადებულად კონსტიტუციის დარღვევა, თუმცა მე მეცოდება ის, რადგან ამ როლის შესრულებას არავინ ეკითხება, მას ეს დავალება აქვს. მე ძალიან ვწუხვარ და შეურაცხყოფილი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გარე ძალების ასეთი მარიონეტია. ზურაბიშვილი არის ძალდატანებული ხანუმა, მაჭანკალი, რომელიც ამ უნიჭო დრამატურგიაში დამდგმელი რეჟისორის როლს ასრულებს, თითქოს მედიატორობს. სინამდვილეში, ხომ წარმოგიდგენიათ, რომ გახარიასაც და ხაზარაძესაც ღრმად არ აინტერესებს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის არც პოზიცია და არც მოწოდება. თუმცა ისინი არიან ინფორმირებული იმის შესახებ, რომ მათმა პატრონებმა მათი ერთობა მათ გარეშე გადაწყვიტეს. უბრალოდ ამის გამოცხადება სალომე ზურაბიშვილს დაავალეს“,- აღნიშნა ოდიშარიამ.