რუსეთში ქართველი მებრძოლის, ლადო გამსახურდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. გამსახურდია უკრაინის არმიაში იბრძვის და როგორც რუსეთში ამბობენ, ის მონაწილეობდა “კურსკის რაიონის მცხოვრებთა წინააღმდეგ დანაშაულებში”.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი მას “დაქირავებულად” მოიხსენიებს და ბრალად სდებს: მკვლელობას, მკვლელობის მცდელობას; სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას; ტერორიზმსა და სხვა დანაშაულებს.
“გამოძიების ინფორმაციით, გამსახურდია დიდი ხანია ჩართულია შეიარაღებულ კონფლიქტში. ასევე აგროვებს, ამზადებს და აფინანსებს დაქირავებულ პირებს. უკრაინის სამხედრო ფორმირებების წარმომადგენლებთან ერთად მათ უკანონოდ გადაკვეთეს საზღვარი და შეიჭრნენ კურსკის რეგიონში. იქ ყოფნისას დაქირავებულებმა, გამსახურდიასთან ერთად, ჩაიდინეს დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავდა მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობას“, – აცხადებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.