პარტია “გახარია საქართველოსთვის“ 2006 წლის მარტში მომხდარი ე.წ. “ციხის ბუნტის” საქმეზე “ქართული ოცნების” მოქმედი დეპუტატის გივი მიქანაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. გივი მიქანაძე 2005-2007 წლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმას კურირებდა.
“ბატონი გივი მიქანაძე, პორტირებული ნაცი, ხოლო დღეს ქართული ოცნების კამპანიის სახე, იყო მინისტრის მოადგილე და სამინისტროს მხრიდან ამ დაწესებულების კურატორი. შესაბამისად ლეგიტიმურია ვივარაუდოთ, რომ გივი მიქანაძე იმ დროს ციხეში განვითარებული მოვლენების საქმის კურსში იყო და გადაწყვეტილებები მასთანაც თანხმდებოდა. ეს ინფორმაცია აშკარად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაც ავალდებულებს საგამოძიებო ორგანოებს დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,” – განაცხადა პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
გახარიას პარტიის მხრიდან ბრალდებას ქართული ოცნებიდან შალვა პაპუაშვილმა უპასუხა. პარლამენტის თავმჯდომარემ თანაპარტიელი დეპუტატი დაიცვა და განაცხადა, რომ გივი მიქანაძეს მომხდართან კავშირი არ აქვს და მან თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ფასეულობებს გადაუხვია.
“გახარიას გუნდზე რაიმე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ჩვეულებრივ კარიკატურას დაემსგავსა ეს გაერთიანება საკუთარი უფროსის კარიკატურები არიან შეკრებილები. რაც შეეხება გივი მიქანაძეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ გადაუხვია იმ ფასეულობებს, რომლებსაც თავიდანვე ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა, ის გადადგა თანამდებობიდან, წასული იყო საზღვარგარეთ და მუშაობდა საზღვარგარეთ. არანაირი კავშირი ამ საკითხთან არ აქვს, ეს უბრალოდ კიდევ ერთხელ აჩვენებს თავად გიორგი გახარიას მეწვრილმანეობას,” – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ე.წ ციხის ბუნტი 2006 წელს მოხდა, გივი მიქანაძის ბიოგრაფიაში კი, რომელიც პარლამენტის გვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ის იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს 2005 – 2008 წლებში იკავებდა.