ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე მისი განცხადების არასწორ ინტერპრეტაციას ეხმაურება

მინდა გამოვეხმაურო ჩემ მიერ დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების არასწორ ინტერპრეტაციას. მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანია პირველის მხრიდან დადასტურდა ჩემ მიერ დასახელებული ფაქტები საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან მიმართებაში პირადი ინფორმაციის მოპოვების არაეთიკური მცდელობების შესახებ.

გვინდა შევახსენოთ აღნიშნული მედიასაშუალების წარმომადგენლებს, რომ კარგი თანამშრომლობის სტანდარტი კონსტრუქციულ თანამშრომლობას გულისხმობს,  რაც სამწუხაროდ, მათი მხრიდან არ ყოფილა დაცული. „ტვ პირველის“ წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ მათ ნებისმიერ დროს აქვთ საშუალება დასვან კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე და მიიღონ შესაბამისი პასუხები. თუმცა, ამ შემთხვევაში, მათი მხრიდან არჩეული იყო ინფორმაციის მოპოვების არაეთიკური გზები, რაც ერთგვარ ფსიქოლოგიურ ზეწოლად შეიძლება ჩაითვალოს.

ყველა მედიასაშუალებასთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა. თუმცა თანამშრომლობა ტელეკომპანიასთან, რომელიც ახორციელებს ზეწოლას საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე და რომლის მიზანია უწყების დისკრედიტაცია, შეიძლება გადაიხედოს.

გვინდა მოვუწოდოთ ტვ პირველის წარმომადგენლებს, ნუ მისცემენ დღევანდელ განცხადებას განსხვავებულ ინტერპრეტაციას, რადგან ბრიფინგზე არ ყოფილა ნახსენები აღნიშნული ტელეკომპანიისთვის აკრედიტაციის გაუქმების საკითხი.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი საქმიანობის ყველა ეტაპზე მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თანამშრომლობის გადახედვა მომავალში არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს აღნიშნული ტელეკომპანიის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციის გაუქმებას. ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, კანონმდებლობის შესაბამისად, ექნება საშუალება გააშუქოs საარჩევნო პროცესი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ და მომავალშიც ვიქნებით საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ღიაობის, გამჭვირვალობის პრინციპების დამცველი და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი მხრიდან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის პრინციპების საპასუხოდ ჩართული მხარეებისგანაც მივიღებთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას.

იტვირთბა....